“ეს შენ გეხება”: ფარული მოსმენების ახალი კანონმდებლობით კონსტიტუცია ისევ ირღვევა

კამპანია “ეს შენ გეხება” აცხადებს, რომ ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა გუშინ, 1 მარტს, მესამე მოსმენით მიიღო, ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა.

1 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის სამწუხარო პრეცედენტია.

“რეფორმით არათუ ვერ გვარდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები, არამედ  კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები”

როგორც “ეს შენ გეხება” აცხადებს, რეფორმის შედეგად:

  • მცირდება ფარული მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის აქამდე მინიჭებული მაკონტროლებელი მექანიზმი, რომლითაც ინსპექტორს შეეძლო სატელეფონო საუბრების მიყურადების როგორც ინიცირებაზე, ისე შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება, რეფორმის შემდეგ ეს მექანიზმი კიდევ უფრო შესუსტდა. ფარული სატელეფონო მოსმენების დაწყების პროცესში ინსპექტორი აღარ მონაწილეობს და მას მხოლოდ ღონისძიების შეწყვეტის უფლებამოსილება შეუნარჩუნდება.
  • ფარული მოსმენები არა ერთი ადგილიდან, არამედ რამდენიმე სტრუქტურული დანაყოფიდან განხორციელდება – ამ დრომდე სატელეფონო საუბრების მიყურადებასა და ჩაწერაზე მხოლოდ ერთი სამსახური (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი) იყო უფლებამოსილი. რეფორმის შემდეგ ახლად შექმნილ სააგენტოს  შეუძლია ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ზოგადად სამსახურის ძალაუფლების მასშტაბებსა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის რისკებზე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შექმნილი სააგენტო კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა – სამართალდაცვითი და ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების გარდა, სააგენტო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გარკვეულ კომპეტენციებსაც ითავსებს: მონაწილეობას იღებს კომპანიებს ლიცენზირების პროცესში, აქვს უფლება, შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები და მოსთხოვოს მის მიერ დადგენილი პარამეტრების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და განთავსება. ამით ცალსახად მძიმდება კერძო კომპანიების უფლებრივი მდგომარეობა. საბოლოო ჯამში კი, სააგენტოს ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვა ისევ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს.

 

„ეს შენ გეხებას“ განცხადებით, გააგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას და შეეცდებიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი ახალი  კანონის შესაცვლელად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი