ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი თვითმმართველობებისთვის გარანტიების გაზრდაზე შეთანხმდა

1 მარტი, 2017 • 1502
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი თვითმმართველობებისთვის გარანტიების გაზრდაზე შეთანხმდა

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გარანტიების გაზრდაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, საქართველოში საკრებულოების წევრების 5%-ს შეეძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული კანონის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართონ.

“საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს გარანტიებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ჩვენ მიერ ინიცირებულ პრიექტში, რომელიც დაედო საფუძვლად საერთო პროექტს, ყველა ეს პრობლემა არის მოგვარებული. ადგილობროვ თვითმმართველობას შეუძლია თავად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები და ეს კონსტიტუციური გარანტია იქნება. ადგილობრივ თვითმმართველობას ფინანსური გარანტიები კონსტიტუციურად დაუწესდება. ადგილობრივი თვითმმართელობის და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა იქნება სუბსიდირების პრინციპზე დაყრდნობით. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოების წევრების 5%-ს ექნება შესაძლებლობა, გაასაჩივროს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ისინი თვლიან, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ლახავს ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებს,”- განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ .

საკონსტიტუციო კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს საკრებულოს ოპოზიციას, მხარდამჭერები მოაგროვოს სხვა საკრებულოებში და შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა. მისივე ინფორმაციით, 5%-ს დაახლოებით 102 ადამიანი შეადგენს.

“ძალიან დიდი კონსენსუსი იყო თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. პირველი რიგში, ყველანი შეთანხმებული ვიყავით, რომ უფრო დაგვეზუსტებინა და გაგვეზარდა თვითმმართველობის გარატიები საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ის შენიშვნა, რომელიც შემოდიოდა, შემოდიოდა ამ სულისკვეთებით. გარანტიების დაცვის მექანიზმი დღესაც დევს კონსტიტუციაში, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ის ჩათვლის, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტი ზღუდავს თვითმმართველობის უფლებებს. მაგრამ მისი რეალიზაცია იყო რთული, იმდენად, რამდენადაც საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იქ შეიძლება ოპოზიციას არ ეყოს ხმების რაოდენობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ამდენად, ოპოზიციის ხმა ჩაკარგული იყო ასეთ შემთხვევაში,”- განაცხადა მან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი