სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი იმყოფება. ორდღიანი ვიზიტი დღეს, 23 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. განცხადბები ეხებოდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში.

“ბატონ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი,”- განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კარენ კარაპეტიანის თქმით, შეხვედრის დროს ისაუბრეს რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ და დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვთ.

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს შეხვედრა და განვიხილოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი