საკონსტიტუციო სასამართლო

გამოცდილ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით აღარ დანიშნავენ

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ომარ ჯორბენაძის სარჩელი, რომელიც გამოცდილი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას აპროტესტებდა. აქამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე რაიონული, ან სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე გამოსაცდელი 3 წლიანი ვადით ინიშნებოდა.

ომარ ჯორბენაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და უფლებამოსილება 2019 წელს ეწურება.

„ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მე უნდა მივიღო კონკურსში მონაწილეობა და დავინიშნო სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მექნება 20 წლიანი სამოსამართლეო გამოცდილება“, – წერდა მოსამართლე თავის სარჩელში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა შეცვალოს რეგულაცია მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ დროიდან ანტიკონსტიტუციურად ჩაითვლება, თუკი გამოცდილების მქონე მოსამართლეს ისევ გამოსაცდელი ვადით დანიშნავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენწლიანი გამოცდილება უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მოსამართლე პირდაპირ უვადოდ გამწესდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი