ახალი ამბები

ომბუდსმენი: მოსამართლეების ზეწოლის საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს

6 თებერვალი, 2017 • 3580
ომბუდსმენი: მოსამართლეების ზეწოლის საქმეზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

,,მე არ ვიცი, კონკრეტულად რაზეა დეტალურად საუბარი. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით,,- ასე უპასუხა უჩა ნანუაშვილმა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ უნდა გასაჯაროვდეს პროკურატურის გამოძიება მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის საქმეზე?

,,მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ბოლო პერიოდში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის მედიით, რომელიც უკავირდება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას. სავსებით არის საკმარისი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოხდეს გადამოწმება, რამდენად მოხდა, როდესაც არის საუბარი ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს, რამდენად მოხდა იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო და დაზარალებულთა სია ცნობილია და გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს. უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ამ საქმეზე გამოირიცხოს კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს.სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი