ახალი ამბები

ილია მეორე: განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში

14 ოქტომბერი, 2012 • 1104
ილია მეორე: განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში

“როცა ჩვენი მეფეები მიდიოდნენ უცხოეთში, მოჰქონდათ არა ფული და ოქრო, არამედ წმინდა ნაწილები იმიტომ, რომ გრძნობდნენ მათ წყალობას. დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში, ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც ჩვენს წმინდა სინოდზე, არც მღვდლებზე, უფალი მეფობს, უფალი მოუწოდებს ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

მისივე თქმით, საქართველო მრავალჯერ ყოფილა განსაცდელში და უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია იგი ამ განსაცდელისაგან:

 

“ჩვენ გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ძალა, ჩვენ გვჭირდება სიყვარული, ჩვენ გვჭირდება სასოება, იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა, მომავლისა. მე მინდა გითხრათ, რომ მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისაგან.

 

არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმას, რომელიც უყვარს და აი, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა. რომელი ქვეყანაა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე იყოს?” – განაცხადა პატრიარქმა.

 

ქადაგების დროს ილია მეორემ მრევლთან ერთად წარმოთქვა ლოცვა – “მოწყალებისა კარი განგვიღე”, რომელიც, მისი თქმით, განსაკუთრებულია, რადგან ამ ლოცვამ გადაარჩინა ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევის დროს.

 

სვეტიცხოვლობა, მცხეთობა, საქართველოში ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღეს სვეტიცხოველში წირვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

საზეიმო წირვა ლოცვას დღეს სვეტიცხოველში ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან და საკუთარი გუნდის რამდენიმე ლიდერთან ერთად. წირვას ასევე დაესწრო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი