ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსზე: აუცილებლად გავუშვებ მაგას

22 დეკემბერი, 2016 • 4038
ქორეპისკოპოსი იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსზე: აუცილებლად გავუშვებ მაგას

“დაცვა ის ფიგურა არ არის… ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო, არ არის ეგ ფიგურა”, – უთხრა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და დასძინა: “აუცილებლად გავუშვებ მაგას”

საუბარია ილია II-ის დაცვის სამსახურის უფროსზე, იოსებ (სოსო) ოხანაშვილზე. სოსო ოხანაშვილის (ილია მეორის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის სიძის) მიმართ ბრალდებები ბოდბელ ქორეპისკოპოს იაკობს აქვს. იგი აცხადებს, რომ დაცვის სამსახური პატრიარქს ებრძვის და ცილისმწამებლურ სტატიებს უკვეთავს.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 4 დეკემბერს ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფი პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, ეს ჯგუფი პატრიარქის დაცვის სამსახურშია. იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთახმებით მან უკვე დაიწყო გამორკვევა, თუ ვინ არის ჩართული ამ ჯგუფში, და კონკრეტული ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ერთი ადამიანი უკვე სცემეს.

ქადეგების დროს ეპისკოპოსმა იაკობმა არ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, თუ ვისგან გავიდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ “სიძეობა” არ არის იმუნიტეტი. თუმცა ცნობილია, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი ამავე დროს არის ილია მეორის სიძე. ეპისკოპოსის თქმითვე, საქართველო პატარაა და ადვილად იგებს, “ვინ, ვის, რას უკეთებს”.

ეპისკოპოსმა ეს განცხადებები გაზეთ  “პრაიმ-ტაიმში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს $1.5 მილიონად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს. საპატრიარქოში მიმდინარეობს ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა, რამაც ეკლესიის ქონების მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა. სტატიაში წერია, რომ მათ ინფორმაცია ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. საპატრიარქომ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც სტატიას “სიცრუე” და “ცილისწამება” უწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, მათ არ შეუქმნიათ არანაირი ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მაღალ იერარქიაზე მყოფთა ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე კი ამბობს, რომ პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვის სამსახური: თუ არსებობს მცირეოდენი გადაცდომები ამ სამსახურისა, ესეც ადვილად მოგვარებადია, როდესაც ყველფერი თავის ადგილს დაიკავებს. პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვა, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება გადაადგილებისა და მოძრაობის დროს. უხერხულია ამ საკითხის ასე წამოწევა… უწმინდესს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ეს ბიჭები, ერთგული, თავდადებული პატრიარქის მიმართ. თუ არსებობს გადაცდომები და შეცდომები, ეს აუცილებლად მოგვარებადია,”- განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ 22 დეკემბერს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი