ახალი ამბები

‘ქართული ოცნების’ შემაჯამებელი აქცია [განახლებადი]

29 სექტემბერი, 2012 • 2420
‘ქართული ოცნების’ შემაჯამებელი აქცია [განახლებადი]

17:26 – კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია თბილისსა და ქუთაისში დასრულდა.


17:16 – თბილისში მიმდინარე აქციაზე განხორციელდა ჩართვა ქუთაისიდან, საიდანაც გუბაზ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. ამ წუთებშიც ქუთაისშიც “მრავალჟამიერი” სრულდება.


17:15 – ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ამ დრომდე ჩართული იყო პირდაპირ ეთერში, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ქართული ოცნების აქცია თავისუფლების მოედანზე. ქუთაისში არიან კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები დასავლეთ საქართველოდან. ამ დროისთვის ცენტრალური მოედანი გადაჭედილია კოალიციის აქტივისტებითა და მხარდამჭერებით.


17:14 – კოალიციის აქციაზე “მრავალჟამიერი” სრულდება.


17:08 – ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ, რათა, როგორც თავად ამბობს, გაფორმდეს “ქართული ოცნების” გამარჯვება.


17:00 – ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სცენა მისმა რეპერმა შვილმა – ბერამ დაიკავა, რომელიც თავის მუსიკალურ კომპოზიციას ასრულებს. ბერა ასრულებს ახალ სიმღერას, რომელშიც ცალკე პარტიას ასრულებს თავად ბიძინა ივანიშვილი.


16:18 – თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს მიესალმა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

 

“დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე, 1 ოქტომბერი დგება, ხალხო. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულე: მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა. ყველა დაპირებას ზუსტად ასე შევასრულებ. ხომ ხედავთ რამდენი ვართ, ხალხო, მსგავსი არ მომხდარა არასდროს. ამ ხალხის დამონება შეუძლებელია, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოგვაშორონ დემოკრატიას.

არავინ შეშინდა. დღეს კვლავ შევიკრიბეთ, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ დაპატიმრების, დაშინების, უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად, ვერ გაგვტეხეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა საპატიმროებებში:

 

“ამას აშენებდნენ 9 წლის განმავლობაში. ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამას. ხალხმა განაჩენი უკე გამოიტანა და მალე მივცემთ ამას კანონიერ ძალას. სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია დასავლეთმა მხარი დაუჭიროს ამ ხელიუფლებას. 

 

როდესაც საჭირო გახდა ახალგაზრდობამ დაიკავა სამართლიანი მხარე, გააპროტესტა ის სისასტიკე, რაც ხდება. არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა, აღარაფერი გამოგივათ შეთითხნილი ტყუილებით”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

კოალიციის ლიდერმა პედაგოგებს მიმართა:

 

“მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას. დღევანდელი ხელისუფლება კი მასწავლებლებისგან მორჩილებას მოითხოვს. დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. ამიტომ გთხოვთ შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში. ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების შესაძლებლობას. ნუ შეგეშინდებათ ჩვენ დაგიცავთ. ჩვენ ვენდობით თქვენს სინდისსა და პატიოსნებას.”

 

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით, ასევე, მიმართა საჯარო მოხელეებს:

 

“საჯარო მოსამსახურეებს მივმართავთ, დადეგით სიმართლის მხარეს. ყური დაუგდეთ თქვენს სინდისს. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დღეები უკვე დათვლილია. ბოროტებას გამარჯვება აღარ უწერია. გაემიჯნეთ ძალადობასა და უკანონობას. თქვენ გეუბნებოდნენ, რომ თუ “ქართული ოცნება’ მოვიდა ხელისუფლებაში მაშინ გაგყრიდნენ სამსახურიდან და ანგარიშს გაგისწორებენ. მე პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, შეწყდება პოლიტიკური ანგარიშსწორება. არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეთა და საჯარო სტრუქტურებსი ნამსახურევი ადამიანების დევნა. საჯარო სამსახური პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება. მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.”

 

ამის შემდეგ კოალიციის ლიდერმა სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციელებს მიმართა სიტყვით:

 

“როგორ შეიძლება ქვეყნისთვის თავგანწირვა არ დავუფასოთ ქართველ ჯარისკაცებს. არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას იცავთ და ემსახურებით და არა რომელიმე ხელისუფლებას, პირიქით ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ მეომრებსა და მათ ოჯახებს. ეს ასეც იქნება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მე მჯერა თქვენი.

ჩვენო პოლიციელებო, თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავთ საქართველოს სახელმწიფოსა და არა ამ ბინძურ ბანდას, ხელისუფლება რომ ჰქვია. ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს. ნუ აღმართავთ ხელს თქვენი ქვეყნის მოქალაქეებზე.
თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს თქვენს გვერდით იქნება კანონი. ამას აუცილებლად დაგიფასებთ ქართველი ხალხი.”

 

კოალიციის ლიდერმა სიტყვით მიმართა ემიგრანტებს:

 

“მივმართავ ქართველ ემიგრანტებს; თქვენ ეძებთ ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანს პატივს სცემენ. საქართველო თქვენი ნების ასრულების გზას დაადგება და მაშინ დარწმუნდებით, რომ საქართველოს თქვენი ცოდნა გამოადგება. მთელი საქართველო ფეხზე დგას, მთელი თბილისია გამოსული. ემიგრანტებო, თქვენი ოცნების ასრულების დრო დადგება. თქვენი ცოდნა საქართველოს ჰაერივით სჭირდება.”

 

ბიძინა ივანიშვილმა დევნილების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:

 

“მივმართავ დევნილებს. აღარ უნდა იყოთ ხელისუფლების შემწეობაზე დამოკიდებული. ვეღარავინ გაბედავს, რომ დევნილების ბედი მათ დაუკითხავად გადაწყვიტონ. ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას. ყველას დავუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ.”

 

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა თანამებრძოლებსა და ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის: 

 

“მე მინდა მადლობა გადავუხდო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩვენ რჩევებს გვაძლევდა, მე მინდა გავიხსენო მრჩეველთა საბჭო და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარდაჭერა აღმოგვიჩინა.

 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ვინც ყოველთვის მხარში მიდგას, ჩემს 90 წლის დედას, რომელსაც ბოლო დროს სათანადო ყურადღებას ვეღარ ვუთმობ, რომელიც დილიდან საღამომდე ტელევიზორს უყურებს და მხოლოდ ჩვენს გამარჯვებაზე ლოცულობს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ის ჭეშმარიტად ჩემს გვერდით დგას და იმსახურებს ამ ღირსეულ სიტყვებს. ჩემს უფროს შვილს უტას, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს პოლიტიკაში მოსვლაში, ჩემს 15 წლის ქალიშვილს გვანცას, რომელიც სადაც მამიკოს დაიჭერს კოცნის, იმიტომ, რომ იშვიათად მხედავს ბოლო დროს. ჩემი 7 წლის უმცროს შვილს – ცოტნეს, რომელიც პოლიტიკოსი გახდა და პოლიტიკაში ჩაერთო, რომელიც ძალიან ხშირად მეკითხება – რა ხდება, ნატოში როდის შევდივართ, რა განაცხადა ბასმა, ყველა ტერმინი კარგად იცის.

 

და ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ვაჟს ბერას, რომელიც ყველაზე კაცურად მედგა გვერდში და ზურგს მიმაგრებდა.
მე შევძელი გული გადამეხსნა თქვენთვის და დამემტკიცებინა, რომ უზომოდ მიყვარხართ, უზომოდ მიყვარს ჩემი ერი და ბოლოს მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. ამ სიყვარულზე დაფუძნებით ჩვენ ავიხდენთ ჩვენს ქართულ ოცნებას.”

 

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი მადლობა უცნობ პირს მიუძღვნა:

 

“და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც შეძლო და საკუთრი ქცევით ნიღაბი ჩამოვხადე ჩემს ოპონენტს და ბოლომდე ვაჩვენე მთელ მსოფლიოს როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი.”

16:01 –  ქუთაისში მიმდინარე აქციაზე კოალიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა ქუთაისში გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ახალი საქართველოს დაბადებამდე 2 დღე დარჩა:

“ქუთაისი იყო, არის და დარჩება ერთიანი საქართველოს მედროშე ქალაქად. მიესალმება დავით აღმაშენებლისა და სოლომონ პირველის ქალაქი ვახტანგ გორგასლისა და თამარ მეფის ქალაქს.

2 დღის წინ ქუთაისში სამოქალაქო გმირობა მოხდა. საქართველო იქცა სამოქალაქო გმირობის ასპარეზად. ქუთაისის სახელოვანი მესხიშსვილის თეატრმა თავისი “კი” უთხრა მომავალს. დღეს მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, ვინც არნახულ ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას გაუძლეს. დღეს ისინი აქ არიან”, – განაცხადა სანიკიძემ.

 

ამის შემდეგ ქუთაისში სიტყვით გამოვიდა მესხიშვილის თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი