ახალი ამბები

“გირჩმა” პარლამენტს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციისთვის მიმართა

30 ნოემბერი, 2016 • 2749
“გირჩმა” პარლამენტს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციისთვის მიმართა

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესება, მისი ლიბერალიზაცია და ამისთვის აუცილებელი სამართლებრივი ბერკეტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

ამასთან, “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის თანახმად,   ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით დათესვა, მოყვანა და კულტივაცია აღარ განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად.

ცვლილება კოდექსის 273-ე მუხლიც და  ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენისთვის ან შენახვისთვის, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

“ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა გირჩის მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფარგლებში წარმოებული აქცია მოექცეს კანონიერების ფარგლებში და ქვეყანაში გატარდეს ჰუმანური, თანამედროვე, ცივილიზირებული ქვეყნების მსგავსი ნარკოპოლიტიკა.”

16 ნოემბერს “გირჩის” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, 2016 წლის 31 დეკემბერს პარტიის  ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი