ახალი ამბები

საგზაო უსაფრთხოების რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად მოქალაქეებს

25 ნოემბერი, 2016 • 1846
საგზაო უსაფრთხოების რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად მოქალაქეებს

დღეს, 25 ნოემბერს – ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ხსოვნის დღეს, “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” წარმოადგინა კვლევის ანგარიში, რომელმაც საგზაო მოძრაობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი შეისწავლა.

კვლევა 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა, რომელშიც გამოკითხეს მძღოლები და ქვეითები საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სულ ჩატარდა 1000 ინტერვიუ.

კვლევის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების გამოყენებით ისინი ფიქრობენ, რომ უფრო კარგად შეძლებენ პარლამენტში იმ კანონპროექტის ადვოკატირებას, რომელიც გულისხმობს უკონტაქტო პატრულირებასა და 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის დაწესებას მართვის მოწმობისთვის.

“მთავარი იდეა ამ კვლევის ჩატარების იყო ის, რომ დეპუტატებისთვის გვეჩვენებინა ხალხის დამოკიდებულება, რადგან წინა პარლამენტმა გადადო ეს კანონპროექტი. ახალ პარლამენტთან გვინდა ძალიან აქტიურად ადვოკატირება განვახორციელოთ ამ კანონპორექტის”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ლალიაშვილის თქმით, ამ კანონპროექტის ამოქმედება, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა არ მიიღო, 25%-ით შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანლის, ნილს სკოტის თქმით, შესაძლებელია, რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

“ჩვენ ვიხსენებთ საგზაო შემთხვევები დროს დაღუპულებს. მომავალში  მსხვერპლების ხსოვნის დღე კი არ უნდა გვქონდეს, არამედ დღე, როდესაც შევაჯამებთ იმ მიღწევას, რითიც გადავარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე საგზაო შემთხვევების დროს,” – განაცხადა ნილს სკოტმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით ხუციშვილის თქმით, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც შედის 6 სამინისტრო და თბილისის მერია. კომისიას ხელმძღვანელობს ეკონომიკის სამინისტრო.

ხუციშვილის თქმით, კომისიის გარდა შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და არის ძირითადი მამოძრავებელი რგოლი, ამუშავებს კონკრეტულ წინადადებებსა და ინიციატივებს. ხუციშვილი ამბობს, რომ კომისია იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს.

დავით ხუციშვილი ამბობს, რომ ღონისიებების გეგმა, რომელიც კომისიამ უნდა მიაწოდოს საქართველოს მთავრობას, ახლა მუშავდება.  მინისტრის მოადგილის თქმით, კომისიის მუშაობის მიზანია, რომ სიკვდილიანობა და სერიოზული ტრავმები მაინც შემცირდეს.

“თუ ჩვენ სიკვდილობას შევამცირებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი”, – ამბობს დავით ხუციშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამჟამად კომისია ამუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც 2017 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებენ. ხუციშვილის ვარაუდით, სამოქმედო გეგმას მთავრობას დასამტკიცებლად 2016 წლის დეკემებრის შუა რიცხვებისთვის წარუდგნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი