ახალი ამბები

შსს: თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დავაკავეთ

19 ნოემბერი, 2016 • 1369
შსს: თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დავაკავეთ

2016 წლის 19 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 3 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში ჩადენილი ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც შსს-ში ამბობენ, გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი გამოძიების შედეგად დააკავეს გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 30 წლის გ.ჩ.

“გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – აცხადებს შსს.

გამომძიებლის ცნობით, მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე – დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.

გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით). შსს-ს ცნობით, დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი