ახალი ამბები

ICC რუსეთის გადაწყვეტილებაზე: პატივს ვცემთ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტს

16 ნოემბერი, 2016 • 1417
ICC რუსეთის გადაწყვეტილებაზე: პატივს ვცემთ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რომის წესდებას, არ ცვლის არსებულ სიტუაციას.

ეს განცხადება ICC-ის სპიკერმა აგვისტოს ომის მიმდინარე გამოძიებაზე რუსეთის ამ გადაწყვეტილების  შესახებ ნეტგაზეთის შეკითხვების პასუხად მოგვწერა.

დღეს, 16 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, რუსეთმა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დატოვა. რუსეთი სასამართლოს წევრი არ ყოფილა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო სასამართლოს წევრი არც გახდეს.

“რომის სტატუტის წევრობა ნებაყოფლობითი და სუვერენული გადაწყვეტილებაა, რისი უფლებაც ყველა ქვეყანას აქვს. 2000 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა რომის წესდებას, თუმცა არ მოუხდენია რატიფიცირება და, შესაბამისად, არ არის წევრი სახელმწიფო. დღევანდელი განცხადება ამ სიტუაციას არ ცვლის. ICC პატივს სცემს თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

ICC-ისთვის აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საკუთარი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მანდატის განსახორციელებლდ, რათა დაეხმაროს, რომ დასრულდეს გენოციდის, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და ომის დანაშაულების დაუსჯელობა, უზრუნველყოს სამართლიანობა ამ დანაშაულების მსხვერპლთათვის და ხელი შეუწყოს მომავალში სისასტიკის პრევენციას,”- აღნიშნულია ICC-ის სპიკერის განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით ICC-ის პროკურორმა საქართველოში  წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დანაშაულებათა გამოძიება ICC-ის იურისდიციის ფარგლებში გაგრძელდეს. ამის შემდეგ ICC-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის ოქტომბერში მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების გაგრძელების ნებართვით.  წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების საფუძველზე მოსამართლეებმა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა 2016 წლის 27 იანვარს მისცეს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ის (ICC) რომის წესდების საფუძველზე მოქმედებს. რომის წესდება ძალაში  2002 წლის 1 ივლისს 60 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ შევიდა. საქართველო წესდებას 2003 წელს მიუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი