ახალი ამბები

ჯიხაშკარში უბნის დარბევისას 2 საერთაშორისო დამკვირვებელი დაშავდა

9 ოქტომბერი, 2016 • 1437
ჯიხაშკარში უბნის დარბევისას 2 საერთაშორისო დამკვირვებელი დაშავდა

ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ჯიხაშკარის #79 უბანზე არჩევნები ჩაიშალა, უბანი დარბეულია, ყუთის მთლიანობა დარღვეულია და დოკუმენტაცია განადგურებული. ნაცვლიშვილის თქმითვე, დაშავებულია ორი საერთაშორისო დამკვირვებელი.

“რაც ძალიან შემაშფოთებელია, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ორი წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ ეტყობათ ეს, გოგონას კოპი აქვს. იგი ცდილობდა გადაეღო ეს ფაქტები და ცდილობდნენ ტელეფონი წაერთმიათ. ასევე,  ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ფანჯრიდან გადმოიყვანეს, რათა მისი უსფრთხოება დაცული ყოფილიყო, და როგორც კი გადმოვიდა, ჩაიმსხვრა ის ფანჯარა, ერთი წუთით გვიან რომ გადმოსულიყო, მის ფიზიკურ უსფრთხოებას სერიოზული ზიანი მიადგებოდა, ქვა ესროლეს ფანჯარას”,-განუცხადა “ნეტგაზეთს” ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, უბანზე სავარაუდოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები შეიჭრნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ბოლომდე დაზუსტებული არაა. ნაცვლიშვილის თქმითვე, პოლიცია ადგილზე სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი არ იყო:

“პოლიცია საკმაოდ გვიან გამოიძახეს, როცა ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო”,- ამბობს ნაცვლიშვილი.

როგორც 79-ე უბნის დამკვირვებელი, შორენა ლათათია, ორგანიზაცია “დემოკრატიული არჩევნების” წარმომადგენელი, გვიამბობს, 12 საათისთვის 79-ე უბანზე შემოიჭრნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და დაიწყეს მაგიდაზე მოთავსებული ბიულეტენების არევა. იმ დროისათვის დათვლის პროცესი არ იყო დასრულებული. ხოლო მას შემდეგ, რაც დამკვირველებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს, ერთ-ერთ დამკვირვებელს წაართვეს ტელეფონი, მეორე საერთაშორისო დამკვირვებელს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც 79-ე საუბნო კომისიის წევრი ენმ-დან, გულნარა ბენდელიანი ამბობს, თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მცხოვრები გია მხეიძე. მისივე თქმით, შემთხვევისას ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ამჟამად უბნებზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული და ჟურნალისტებს ადგილზე აღარ უშვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი