ახალი ამბები

გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები

31 მაისი, 2012 • 4650
გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები

მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის ასად ალამის წიგნს “ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა” ჰქვია და მასში ერთ-ერთი თავი, “მისაღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა”, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეთმობა.

წიგნში აღწერილია, თუ როგორ იღებდნენ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლები 2005 წლამდე, როგორ იყოფოდა ფაკულტეტები და უნივერსიტეტები პრესტიჟულობისა და იქ მოხვედრის საფასურის მიხედვით; რომ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად და 2005 წელს ოთხ საგანაში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა.

“ამ რეფორმამ უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ასევე ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ აბიტურიენტებს და საზოგადოების ნდობა პირველივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგვე მოიპოვა”, – ნათქვმია ასად ალამის წიგნში. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ამ წარმატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდა, თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ეს სიახლე არ ასახულა.

იმ დროისთვის, სამინისტრო უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ საკითხს ამუშავებდა.

სამინისტროს მიმდინარე წლის 21 იანვარის ინფორმაციით ირკვევა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების  სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი  საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა იყო.

შეხვედრიდან დაახლოებით ორ თვეში ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ პირველი საჯარო განცხადებები დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვდრი დროს გააკეთა.

შაშკინის მაშინდელი განცხადებით, მთავრობა საქართველოში გამოცდების ახალი, ამერიკული სისტემის დანერგვაზე მუშაობდა.

მინისტრის განცხადებით, ახალი სისტემით, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 8 საატესტატო და 4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ.

„ჩვენი ქსპერტები მსჯელობენ იმაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის როგორ გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და, ამავდროულად, არ დავაზარაოლოთ ჩვენი მთავარი ამოცანა – ცოდნის მიღება,“ – განაცხადა მაშინ მინისტრმა.

შაშკინის ამ განცხადების შემდეგ მკვლევარებმა და ექსპერტებმა განათლების საკითხებში ნეტგაზეთთან ახალ ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

 “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარის, შალვა ტაბატაძის განამარტებით, გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ინტეგრირების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გახორციელებულიყო.

„მისაღები გამოცდების მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე– დაფუძნება არაეფექტური აღმოჩნდა, გაცილებით უპრიანია, თუ რამდენიმე კომპონენტი ჩაერთვება მასში,“ – ამბობს ტაბატაძე.

ექსპერტი განათლების საკითხებში მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მისაღები გამოცდების დროს სასკოლო ნიშნებიც უნდა გახდეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სკოლაში კორუფციის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული მექანიზმებიც უნდა მოქმედებდეს.

„იგივე ამერიკულ მოდელში სხვადასხვა დამატებითი კრიტერიუმებია მისაღები გამოცდების დროს, მაგალითად, უნივერსიტეტებს თავიანთი საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, გასაუბრება, სააპლიკაციო ფორმა და ა.შ.“ – ამბობს ტაბტაძე.

ინტეგრირებული გამოცდების სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს გიორგი გახელაძეც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

გახელაძე მიიჩნევს, რომ მისაღები გამოცდების ის სისტემა, როგორი სახითაც დღეს საქართველოში არსებობს, საბოლოოდ არ აღმოჩნდა მოსწავლეთა განათლების ხარისხის შედეგების რეალური საზომი.

„გარდა ამისა, ნაკლები მისაღები გამოცდის ჩაბარებით, ნაკლებ რესურსს დახარჯავს სახელმწიფოც და აბიტურიენტიც, ვინაიდან დამატებით რეპეტირორებთან მომზადება საჭირო აღარ იქნება,“ – ამბობს გიორგი გახელაძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალსახად შეფასება რთულია სიმონ ჯანაშიასთვის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორისთვის.

ის ამბობს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი დადებითი მოიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, თუმცა შექმნა დამატებითი პრობლემები, რომლის გადაჭრაც ჯანაშიას აუცილებლად მიაჩნია.

„ეს შეეხება განათლების ხელმისაწვდომობას და სამართლიანობას შესაძლებლობების განაწილების. ამ გამოცდებმა კიდევ უფრო გაართულა სოციალურად დაუცველებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა და მნიშვნელოვანად გააძლიერა რეპეტიტორთა ინსტიტუტი, ვინაიდან მათ გარეშე შეუძლებელი ხდება ჩაბარება. ამ მხრივ კი, პრობლემური იყო გამოცდების ცენტრის პოზიცია. ის ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გამოცდა ყოფილიყო. გამოცდების ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებს ნამდვილად სჯეროდათ, რომ გამოცდებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება. ამ მხრივ უთანხოება ჰქონდათ სამინისტროსთან, ვინაიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოცდების სხვა ფორმატზე გადასვლის სამინისტროს პოლიტიკას ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა,“- ამბობს სიმონ ჯანაშია ნეტგაზეთთან საუბარში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად დიმიტრი შაშკინმა სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების საკითხში მიმინოშვილის პოზიციასთან პრინციპული შეუთავსებლობა დაასახელა და განაცხადა, რომ მისაღები გამოცდები 8 + 1 ფორმატით უნდა ჩატარდეს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ, გამოცდების 8 + 1 ფორმატი დადებითად შეაფასა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა, კახა ბენდუქიძემ.

„ვთვლიდი, რომ ის მოდელი, რომ ორჯერ აბარონ გამოცდები, არის არასწორი. მე ყოველთვის აქტიურად ვუჭერდი მხარს წინადადებას, გადავსულიყავით 8 +1 ფორმატზე, რადგან 8+4 არის რეპეტიტორების გასამრჯელოს მოსამატებელი. მშობლები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ამზადებს ბავშვებს მათემატიკაში სკოლის გამოცდისთვის და სხვა რეპეტიტორთან ამზადებს მათემატიკაში მისაღები გამოცდისთვის. ჩემი აზრით, დღემდე არის კატასტროფული სიტუაცია ამ მხრივ, ვინაიდან სოფლებში აბიტურიენტთა ნახევარია და იქიდან მათი მცირე ნაწილი ხვდება უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო, რომ მომზადება ხელმისაწვდომი არ არის მათთვის. გამოცდების ამ ფორმატის მიმართ მიმინოშვილის წინააღდმეგობა იყო ცხადი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები იძახდნენ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,”- განაცხადა ბენდუქიძემ.

გამოცდების ინტეგრირების მომხრეა პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გოკა გაბაშვილი.

ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ორი საგამოცდო სისტემის გაერთიანება და ევროპულ სტანდარტთან მიახლოება აუცილებელია.  

„ცალკე დისკუსიის საკითხია, მზად ვართ თუ არა უკვე ამისთვის,“- ამბობს გაბაშვილი.

ის, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებას მხარს არ უჭერდა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ნაწილობრივ ეთანხმებიან.

მაია გაბუნია, ცენტრის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ადასტურებს, რომ სპეციალური  კომისია, რომელიც გამოცდების ახალი ფორმატის საკითხს ამუშავებდა,  მართლაც იყო შექმნილი, სადაც, გაბუნიას თქმით, მიმინოშვილმა დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ ამ ეტაპზე ის ამ ცვლილებას არ ეთანხმებოდა.

„მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად ყველა ახალ რეფორმასთან დაკავშირებით არის და იყო ის, რომ ნებისმეირი რეფორმა უნდა დაიგეგმოს ძალიან რაციონალურად, გათვლით, კვლევებზე დაფუძნებითა და ანალიზით,“- ამბობს გაბუნია.

თავად მიმინოშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “დიალოგში” ადასტურებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას განხსვავებული პოზიცია მართლაც ჰქონდა, თუმცა ეს არანაირად არ ეხებოდა გამოცდების რაოდენობას.

“მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი, გამოცდების რაოდენობა შემცირდეს. პირიქით, მივესალმები, რომ უახლოეს მომავალში იყოს 8 გამოცდა და ამას დაემატოს ზოგადი უნარების გამოცდა. მე ერთადერთი წინააღმდეგობა გამოვთქვი იმაზე, რომ საატესტატო გამოცდები ჩატარდეს სხვა ფორმატით და არა ისე, როგორც ტარდება – კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის დავალების ტესტს ითვალისწინებს. აქ არის ბევრი სააზროვნო სფერო. მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერის კულტურის შემოწმება არის შეუძლებელი ასეთი ტიპის დავალებებით. მათემატიკის შემთხვევაშიც რთულია ასეთი ტიპის დავალებებით მათემატიკური და ლოგიკური მსჯელობის უნარები შეამოწმო. ასე რომ, ჩემი მოსაზრებით,  ფორმატი სხვა უნდა ყოფილიყო. დღესაც ამ აზრზე ვარ,”- განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრს 30 მაისიდან  ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ხატია დეკანოიძემ  საკუთარი წარდგენის შემდეგ განათლების სამინისტროში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში მრავალი სიახლე იქნება, თუმცა, გამოცდების 8+ 1 ფორმატთან დაკავშირებით მას ჯერჯერობით  არ უსაუბრია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი