ახალი ამბები

კობა ნაყოფია სენაკში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

19 სექტემბერი, 2016 • 3245
კობა ნაყოფია სენაკში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

სენაკში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფიაა. ნაყოფია ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა.

“სენკში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და 9 ოქტობრიდან შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ 4 წლის მანძილზე დაგროვდა. არაჩვეულებრივი რაიონია, საოცარი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით ტურისტული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს არის რაიონი, სადაც არის ნოქალაქევი, მენჯი, აქ არის უამრავი შესაძლებლობა. ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვადგინო ეს შესანიშნავი რაიონი”,- განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფია პარლამენტის წევრი პირველად 2008 წელს გახდა. იგი პარლამენტის წევრი გახდა 2012 წელსაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, კობა ნაყოფია იმ დეპუტატებს შორისაა, რომელთაც 2013, 2014 და 2015 წლებში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არასდროს უსარგებლიათ. 

კობა ნაყოფიას ბიზნესბიოგრაფია რუსეთში იწყება. 1996-2004 წლის ოქტომბრამდე ის რუსეთში სხვადასხვა კომპანიის გენერალური დირექტორი და ვიცეპრეზიდენტი იყო. 2004 წლის ოქტომბერში კი საქართველოში ჩამოვიდა და სს “მადნეულის” გენერალური დირექტორი გახდა. შემდეგ-  შპს “კვარციტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და  შპს “ზარაფხანა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ნაყოფიამ “მადნეულში” წილი 2011 წლის შემოდგომაზე დათმო. სწორედ ამ დროს ჩამოართვა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კომპანიას ლიცენზია 37 საბადოზე, რომელსაც ფლობდა, თუმცა არ ამუშავებდა.

კოფა ნაყოფიამ დააფინანსა რენი ჰარლინის ფილმი “აგვისტოს ხუთი დღე”, რომელიც imdb.com-ის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაჯდა. ნაყოფია ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიცაა. საზოგადოებას იგი განსაკუთრებით დაამახსოვრდა ფილმის პრემიერაზე ჩამოსულ შერონ სტოუნთან შეხვედრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი