ახალი ამბები

ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე საკითხს კენჭი 5 სექტემბერს ეყრება

1 სექტემბერი, 2016 • 1137
ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე საკითხს კენჭი 5 სექტემბერს ეყრება

რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოსა და კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება. იმავე ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რომელსაც ეს ინფორმაცია ევროპარლამენტარებმა და ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარემ დაუდასტურეს.

კომიტეტის შემდეგ საკითხს კენჭი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზეც უნდა უყარონ. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვოს, საჭიროა ხმების უბრალო უმრავლესობა.

პარალელურად პროცესი უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბჭოში. საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟმის გაუქმებისთვის ასევე სჭირდება საბჭოს მწვანე შუქი.

უცნობია, როდის მოხერხდება ამ ყველაფრის დასრულება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით ახსენა “ადრეული შემოდგომა”, ხოლო თბილისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაირემა – სექტემბრის მეორე ნახევარი.

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით კი, ევროკავშირის საბჭოში ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსალოდნელია ოქტომბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2017 წლის 1 იანვრიდან შეძლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი