ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო ირაკლი კობახიძის “მადისკრედიტირებელ და მცდარ” განცხადებას პასუხობს

28 აგვისტო, 2016 • 1281
საკონსტიტუციო სასამართლო ირაკლი კობახიძის “მადისკრედიტირებელ და მცდარ” განცხადებას პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებს “ფაქტობრივად მცდარს და მადისკრედიტირებელს” უწოდებს. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურ ვეგვერდზე დღეს, 28 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.

ბ-ნმა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოვუწოდებთ ბ-ნ კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. ბ-ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩლეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ).

საღ აზრს მოკლებულია ბ-ნი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზებაზე. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა/გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

“ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც გიორგი პაპუაშვილი მიზანს ვერ მიაღწევენ, თუმცა ეცდებიან, ” – პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პაპუაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე სარჩელის განხილვისას ეცდება მოსამართლეებზე წეზოლის გზით სასურველი განაჩენი გამოიტანოს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ზემოხსენებული სარჩელის შინაარსი შეიცვალა კანონის დარღვევით და გაიზარდა სარჩელის მოთხოვნა. მისი თქმით, შეცვლილი სარჩელის განხილვა 23 აგვვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პაპუაშვილმა სხდომა გააუქმა. “სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაეცნენ და მისი განხილვა 1 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა”.

“აქ აშკარად იკვეთება კანონის დარღვევის  ნიშნები და იმდენად მძიმეა კანონის დარღვევა, რომ თუნდაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზეც შეიძლება საუბარი. ეს უნდა გახდეს განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებებიც კი უნდა დაინტერესდნენ,” – აცხადებს კობახიძე ტელეკომპანა “იმედის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი