ახალი ამბები

კაცები ზრუნავენ – კამპანია საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის

9 ივლისი, 2016 • 1839
კაცები ზრუნავენ – კამპანია საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოში 8 ივლისს ხუთწლიანი კამპანია “კაცები ზრუნავენ” (MenCare) დაიწყო. კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.

კამპანიის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო “რუმსში” გაიმართა. კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით იწყება, კამპანიის ფინანსური მხარდამჭერი კი შვედეთის მთავრობაა.

MenCare  გლობალური კამპანიაა, რომელიც პოპულარული იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. თუმცა, როგორც საქართველოში ამ კამპანიის ორგანიზატორები განმარტავენ, საქართველოში MenCare საქართველოში არსებულ პრობლემებსა და რეალობას დაეფუძნება და არ იქნება პირდაპირ გადმოღებული სხვა ქვეყნებიდან.

“კამპანიის მიზანია მოვუწოდოთ კაცებს, გახდნენ უფრო გულისხმიერები, მეტად ჩაერთონ საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდის პროცესში, რადგან ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ხელს უწყობს ოჯახის და საზოგადოების ჰარმონიულ და ჯანსაღ განვითარებას,” – ამბობს გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” კომპონენტის მენეჯერი UNFPA-ს მხრიდან მარიამ ბანძელაძე.

მარიამ ბანძელაძის თქმით, კამპანიის ფარგლებში ჩატარდება სოციალური რეკლამები, ტრენინგები, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, რომ უფრო აქტიურად და თამამად ჩაერთონ კაცები გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. ამ კამპანიის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოში მამის დღის აღნიშვნაც.  მამის დღე  საქართველოში პირველად 2016 წლის 19 ივნისს გაეროს ორგანიზაციების ინიციატივით აღინიშნა.

მარიამ ბანძელაძემ ნეტგაზეთთან იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა ხასიათი ექნება ამ კამპანიას და რაზე იქნება ორიენტირებული:

“ჩართული გვეყოლებიან ცნობილი პირები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, საჯარო პირები, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხალხისთვის ცნობადია და როლური მოდელის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ამასთანავე, გვინდა კამპანიაში ჩავრთოთ ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი მამები, რომელთა ყოველდღიურობას წარმოადგენს ოჯახზე ზრუნვა, ბავშვებთან თამაში, რადგან ისინიც მეტი გახდნენ, გამრავლდნენ, ასე ვთქვათ, და მაგალითი გახდნენ სხვებისთვის, რომ ეს არ არის დამაკნინებელი კაცობისთვის და ტრადიციებისთვის, არამედ პირიქით, ეს არის ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ხელშემწყობი,”

ამ კამპანიას საფუძვლად უდევს ეროვნული კვლევა “კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“, რომელიც – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით 2013 წელს ჩატარდა.

მარიამ ბანძელაძის თქმით, კვლევის თანახმად, ბავშვის აღზრდაში და ოჯახის საქმეებში კაცების ჩართულობა საქართველოში დაბალია.

“აქ გამოჩნდა, რომ გენდერული უთანასწორობის სტერეოტიპები არიან ძალიან ღრმად ფესვგადგმული საზოგადოებაში, აჩვენა, რომ კაცები ძალიან ნაკლებად არიან ჩართული ბავშვზე ზრუნვის პროცესში და თანამონაწილეობა, რაც არის ყოველდღიურად მათთან თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა და ასე შემდეგ, სულ უფრო და უფრო იკლებს ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად. 18 წლის ასაკის მოზარდის ცხოვრებაში მხოლოდ მამების 5% თუ არის ყოველდღიურად ჩართული, რაც ძალიან სავალალო მაჩვენებელია. შესაბამისად, კამპანია ეფუძნება ჩვენს რეალობას, იმ პრობლემებს და საჭიროებებს, რომელიც საქართველოში დგას. ეს არ არის გადმოღებული მაგალითი. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა, რომელსაც სჭირდება ჩვენ ძალისხმევა,”- ამბობს მარიამ ბანძელაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი