ახალი ამბები

ევროპარლამენტის LIBE კომიტეტი დღეს საქართველოს სავიზო საკითხს განიხილავს

4 ივლისი, 2016 • 1327
ევროპარლამენტის LIBE კომიტეტი დღეს საქართველოს სავიზო საკითხს განიხილავს

დღეს, 4 ივლისს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომა ადგილობირვი დროით 19:00 საათზე [თბილისის დროით 21:00] დაიწყება. დღის წესრიგით სულ 9 საკითხია გათვალისწინებული, საქართველოს თემა რიგით მერვეა.

ზემოხსენებულ კომიტეტზე ჯერ კიდევ წინა ორშაბათს უნდა განეხილათ საქართველოს სავიზო საკითხი, თუმცა BREXIT-ის გამო წინა კვირაში ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო.

საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ევროპარლამენტში დარჩენილია კენჭისყრა LIBE-ის კომიტეტზე [უცნობია, მოესწრება თუ არა ეს დღეს] და პლენარულ სხდომაზე. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟმის გაუქმებისთვის ასევე სჭირდება საბჭოს მწვანე შუქი. არაერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, საქართველოს საკითხი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ევროკავშირი შემოიღოს სავიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმი. ეს საკითხი ასევე განიხილება ევროპულ ინსტიტუციებში. როგორც ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწრაფი შეჩერების მექანიზმი ძალაში შევა, საქართველოს საკითხიც გადაწყდება. უცნობია, როდის მოხერხდება ამ ყველაფრის დასრულება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით ახსენა “ადრეული შემოდგომა”, ხოლო თბილისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაირემა- სექტემბრის მეორე ნახევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი