ახალი ამბები

პარლამენტი მიღებულ კანონში “გაპარულ” შეცდომას ასწორებს

27 ივნისი, 2016 • 1804
პარლამენტი მიღებულ კანონში “გაპარულ” შეცდომას ასწორებს

“საქართველოს პარლამენტმა დაარედაქტირა” სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში დაშვებული ტექსტური “ტექნიკური შეცდომა”, რომელიც კანონად ქცევის შემთხვევაში კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს უფასო წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის გარეშე ტოვებდა, ხოლო ტელევიზიებს პარტიებისთვის უსასყიდლოდ საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა.

საუბარია იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში, რომლის 51-ე მუხლის მე-6 ნაწილში ვკითხულობთ: “საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს ეს დრო შეუძლია დაყოს რამდენიმე ნაწილად). არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.”

მოცემულ ჩანაწერში წითლად მონიშნულია ის ტექსტი, რომელსაც იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე “ტექნიკურ შეცდომად” ხსნის. საქმე ის არის, რომ საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზიის მიღება მხოლოდ სიხშირული სპექტრის  გამოყენებით რადიომაუწყებლობისთვისაა საჭირო, სხვა ნებისმიერ ტექნოლოგიით მაუწყებლობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობაზე, ავტორიზაცია ხორციელდება. ლოგიკურად ეს ჩანაწერი ეროვნული მასშტაბით მაუწყებელ კერძო რადიოს [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ეხება და კერძო ტელევიზიები [ეროვნული მაუწყებლები გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა] ზემოხსენებული კანონის და, შესაბამისად, ვალდებულების მიღმა რჩებიან. ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ პარლამენტს ტელევიზიების ზემოხსენებული წინასაარჩევნო ვალდებულებისაგან გათავისუფლება არ სურს. მისი თქმით, საქმე გვაქვს წმინდა წყლის შეცდომასთან.

“ეს სრულიად ტექნიკური შეცდომაა. მარტო მანდ არ არის [შეცდომა], მე-5 პუნქტშიც არის შეცდომა, სადაც წერია, რომ სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონეო… სათემო მაუწყებლობას ლიცეზნია არ აქვს. ეს ტექნიკური ხასიათის შეცდომაა, რომელიც გასწორდა და გასწორებული სახით წავა”, – ამბობს ხმალაძე და იმის დასამტკიცებლად, რომ საქმე მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს, არგუმენეტებს ასახელებს:

“რომ წარმოვიდგინოთ, იყო თუ არა ტექნიკური შეცდომა, უბრალოდ, უნდა ვნახოთ, რა იყო ნათქვამი პირველი, მეორე და მესამე მოსმენების დროს. ყველგან იყო ნათქვამი, რომ ტელეკომპანიებისთვის იქნება ასეთი რეჟიმი, ტელევიზიებისთვის იქნება ასეთი რეჟიმი.  ეს არის ტექნიკური შეცდომა, რომელიც აუცილებლად სწორდება ხოლმე რედაქტირებისას”.

ზემოხსენებულ მუხლს აპროტესტებდნენ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, თუმცა არა ამ შეცდომის გამო, არამედ სხვა მიზეზით. თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტით, ეს მუხლი ადგენდა, რომ მაუწყებლებს უფასო პოლიტიკური რეკლამისათვის ყოველ საათში 2.5 წუთი უნდა გამოეყოთ. ამჟამად არსებული კანონით საერთო ეროვნულმა მაუწყებლებმა წინასაარჩევნო რეკლმა უფასოდ  ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა განათავსონ ეთერში. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეისათვის არსებული ჩანაწერი მათ აძლევთ საშუალებას, რომ კანონით დაწესებული დრო ე.წ. პრაიმტაიმი ხელშეუხებლად გადაანაწილონ. გვარამიას განმარტებით, კანონში ინიცირებული ცვლილებები ყოველ საათში 2.5 წუთის გამოყოფის დათქმით, მათ ამ საშუალებას ართმევდა რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიები ფინანსურად იზარალებდნენ. საბოლოოდ კანონიდან ამოიღეს ყოველ საათში რეკლმის გაშვების ვალდებულება და ასეთი ფორმულირება დატოვეს: “ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთი”. ხმალაძე იხსენებს, რომ ეს ამბავი სწორედ მესამე მოსმენისას მოხდა. იგი ამ ფაქტს იმის დასადასტურებლად იყენებს, რომ ჩვენს მიერ დასმული საკითხი მხოლოდ ტექნიკური შეცდომაა და სხვა არაფერი:

” თუ ვიფიქრებთ, რომ იქ არ იყო ტექნიკური შეცდომა, მაშინ ეს [ტელევიზიებისთვის საათობრივიდან 3 საათში ერთხელ რეკლამის გადანაწილების წესი] საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო, რადგან ტელემაუწყებლებს არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ თურმე”.

ხმალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ  პარლამენტმა კანონპროექტის ტექსტს რედაქტირება გაუკეთა, არავითარ სამართლებრივ პრობლემებს არ ქმნის:

“არ ქმნის. მთავარია, რომ ტექსტი ასახავდეს იმას, რაც იყო ნათქვამი, რაზეც იყო მიღებული [დეპუტატების] გადაწყვეტილება. ალბათ დამეთანხმებით, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე და მესამე მოსმენისასაც სრულიად აშკარად ჩანდა, რომ ეს ვალდებულება ეხებათ ტელემაუწყებელებსაც.  დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ტელემაუწყებლებისთვის ასეთი ვალდებულების დაწესების საკითხს. ზოგადად, თუ კითხვა ჩნდება ხოლმე, რაც წერია კანონპროექტში, იმას შეესაბამება თუ არა, რაც მიღებული [გადაწყვეტილებაო], ასეთ დროს სტენოგრამას უსმენენ ხოლმე, რათა გაიგონ, რა იყო ნათქვამი”, – ამბობს ხმალაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტში “ტექნიკური შეცდომა” უკვე გასწორებულია და ჩანაწერი, საიდანც უკვე ნათელია, რომ რეგულაცია ტელევიზიებსაც ეხება, პრეზიდენტს ახლო მომავალში გაეგზავნება ხელის მოსაწერად.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა ზემოხსენებული შეცდომის დაშვება, ხმალაძე გვპასუხობს:

“მაპატიეთ, თქვენ შეცდომა არასოდეს მოგსვლიათ? რატომ გამორიცხავთ? ადამიანები არიან ყველგან და ხდება ხოლმე შეცდომები. მთავარია, შეცდომა არ დაკანონდეს და დროულად გამოსწორდეს. ეგ არის მთავარი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ეს შეცდომა ვერ შეგვემჩნია და ასე გამქვეყნებულიყო [საკანონმდებლო მაცნეში], მერე თქვენ შეგეძლოთ გეჩივლათ პარლამენტისთვის: ერთი რამ იყო ნათქვამი და ტექსტში მეორე წერიაო. და ამ სარჩელს მოიგებდით”, – აცხადებს ხმალაძე – “ყველასთან იყო გავლილი და ყველას გამორჩა… ვინც კი ნახა, არავის მიუქცევია ყურადღება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი