ახალი ამბები

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წევრების განცხადებები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე

10 ივნისი, 2016 • 1250
ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წევრების განცხადებები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე

დღეს, 10 ივნისს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი განიხილება. საქართველოს გარდა, ევროკავშირის საბჭო დღეს განიხილავს იმავე საკითხს უკრაინასთან, თურქეთთან, კოსოვოსთან დაკავშირებით.

სხდომის დაწყებამდე მინისტრთა საბჭოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე აცხადებს:

“დღეს ამ საკითხის პირველი მოსმენაა და მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან. მე ვაპირებ, რომ შეხვედრაზე ეს განვაცხადო.

ვერ ვილაპარაკებ სხვა ქვეყნების ნაცვლად, მე ვსაუბრობ შვედეთის პერსპექტივიდან: იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საკითხსაც განვიხილავთ, საქართველო ყველაზე ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან.”

შეკითხვაზე, თუ როდის უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, მინისტრმა გაიმეორა, რომ “იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საკითხიც განიხილება, საქართველო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოს დგას”.

ჟურნალისტის შეკითხვას, იქნება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული ზაფხულში, მან კონკრეტული პასუხი არ გასცა:

“რთულია ვთქვათ, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა საქართველოს ოპტიმისტურად ვუყურებ,”- განაცხადა იოჰანსონმა.

კლაას დაიჰოფი, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრის სახელმწიფო მდივანი მიგრაციის საკითხებში ფიქრობს, რომ საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბჭო გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე ვერ მიიღებს:

“დღეს არ მგონია, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ამ კვირას უკვე ნათელი გახდა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული წინააღმდეგობები და ჩვენ გვექნება დღეს საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს, რაში მდგომარეობს ეს პრობლემები და როგორ უნდა გადავჭრათ ისინი.”

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვოლფგანგ სობოტკა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს:

“აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს პაკეტი. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, შესაძლებელია, სხვადასხვა სისწრაფით წარიმართოს. კოსოვოს შემთხვევაში, რომელიც უკვე გარშემორტყმულია ქვეყნებით, რომელთაც სავიზო რეჟიმი ლიბერალიზებული აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს, მათ უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმი. სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით კი სხვადასხვა სიტუაცია და საზრუნავია. საქმე ეხება არა სისწრაფეს, არამედ უსაფრთხოებას, რაც უკვე დიდი წნეხის ქვეშაა, განსაკუთრებით იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც შენგენის ზონაშია შექმნილი”.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ემილი ჰარბერმა განაცხადა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე საჭიროა სწრაფი შეჩერების მექანიზმი გადაიხედოს.

“საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი სხდომაზე დღეს განიხილება. გეთანხმებით, რომ საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ უნდა გადავხედოთ სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იქნება ეფექტური, თუ მოხდება თავისუფალი მიმოსვლის წესების დარღვევა,” – განაცხადა ჰაბერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი