ევროკავშირის 5 ქვეყანა ითხოვს, რომ საქართველოსთვის სავიზო საკითხი არ გადაიდოს

ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ევროკავშირის საგარეო სერვისსა და ევროკავშირის საბჭოს, რომელსაც ჰოლანდია ხელმძღვანელობს, სავიზო რეჟმთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას EUobserver ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ წერილი ნანახი აქვს.

წერილში ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს საკითხზე შეთანხმებას ევროკავშირის წევრების მინისტრებმა ლუქსემბურში 10 ივნისის შეხვედრაზე უნდა მიაღწიონ, ან 20 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

EUobserver-ის ცნობით, წერილში წერია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციის სამოქმედო გეგმა მთლიანად შეასრულა, თავის მხრივ ევროკავშირმაც უნდა გადადგას საპასუხო ნაბიჯი.

“გადაწყვეტილების მიღების გადადება ძირს გამოუთხრის ჩვენს სანდოობას და შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე საქართველოსა და ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებში”, – ნათქვამია ხუთი ქვეყნის ერთობლივ წერილში.


 

ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა 9-10 ივნისს იმართება. საბჭოს დღის წესრიგშია  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე მსჯელობა, თუმცა კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ვიზის მინიჭების საკითხს.

ევროკავშირის მინისტრების საბჭოს სხდომას  წინ უძღვის ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) სხდომა, რომელიც ამზადებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის.

კორეპერის სხდომები გაიმართა 24 მაისსა და 1 ივნისს. როიტერის ცნობით,  1 ივნისს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები. კორეპერი ამ საკითხზე ვერც 24 მაისის სხდომაზე შეთანხმდა.

თუ 9-10 ივნისს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავის დადებით პოზიციას დააფიქსირებს, ივნისის ბოლომდე, ანუ ევროპარლამენტარების შვებულებამდე უნდა მოესწროს LIBE-ს კომიტეტის მინიმუმ ერთი სხდომა, რადგან უცნობია, მოხსენება და კენჭისყრა ერთსა და იმავე სხდომაზე გაიმართება თუ არა. ასევე რჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უნდა დაუჭიროს მხარი.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ ეტაპების დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com