ახალი ამბები

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე ელჩები ისევ იმსჯელებენ

25 მაისი, 2016 • 1701
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე ელჩები ისევ იმსჯელებენ

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, გუშინ, 24 მაისს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) ვერ შეთანხმდა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა:

“გუშინ არ გადადებულა განხილვა. გუშინ საკითხის განხილვა მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ეს იყო მუდმივი წარმომადგენლების დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშნველოვანი იყო. ეს არის წინაპირობა – მუდმივი წარმომადგენლები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის. საბჭოს სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა განხილვების დროს მოამზადონ საკითხი უკვე პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

რადიო თავისუფლების ცნობით, 10 ივნისს უნდა გაიმართოს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.

 

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი, ვანო ჩხიკვაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ 10 ივნისის სხდომამდე ევროკავშირის ელჩები კიდევ სამჯერ შეიკრიბებიან “კორეპერის” სხდომაზე.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

  • ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.
  • მინისტრთა საბჭო კენჭს ურის ცვლილებას. მინისტრთა საბჭოში შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების). ისინი კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებებს. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).
  • მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, პოზიტიური შედეგის მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
  • ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი