ახალი ამბები

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმოს

31 მაისი, 2016 • 1214
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაძლევს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

დღეს, 31 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან, ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და იყვნენ ჩართული დეპუტატიები, რომლების უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. ეს საუბარი წარმატებით დასრულდა და  ჩვენ შევთანხმდით იმ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პრეცედენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე, ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცენდენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი საერთოდ მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი