ახალი ამბები

ნარმანია: უხერხულია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიებზე საუბარი

17 მაისი, 2016 • 1246
ნარმანია: უხერხულია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიებზე საუბარი

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, “უხერხული” უწოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემია-დანამატებზე საუბარს. ნარმანიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით კოლოსალური თანხები გაიცემოდა.

„სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ დღესვე ციფრები დაასახელა, თუ რა რაოდენობის თანხები გაიცემოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მისი თქმით, 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი, 2013 წელს – 17 110,5 ათასი, 2014 წელს- 15 833,8 ათასი ლარი. 2015 წელს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში, პრემიის სახით გაცემული თანხები განახევრდა.

„ამიტომ უხერხულია თქვენი მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი. მაშინ, როდესაც თქვენ აპიარებდით საქმეებს, რომლებიც რეალურად არ გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდით თბილისელებისთვის განკუთვნილ თანხებს, მაგალითისთვის, ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს სწორედ 9-წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? – აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. ჩვენ, ფაქტობრივად, მინიმუმზე დავიყვანეთ დედაქალაქის ბიუჯეტში საპრემიო ფონდი და მინიმუმამდე შევამცირეთ დანამატები. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, 2012 წლის 23 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირაში, ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა – კერძოდ, თბილისის მერიის ოთხ შპს-ში – “ჰერმესში”, “სინათლის ქალაქში”, “თბილსერვის ჯგუფსა” და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” – ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი მხარდამჭერები დასაქმდნენ.

„59 ადამიანს თბილისელები თვეში ხელფასის სახით არაფრისთვის უხდიდნენ 2500 ლარს. მე ამ პირების სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ და გაჩვენოთ დოკუმენტები. არც ერთი მათგანი სამსახურში არ დადიოდა, ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ კი ჯამურად 1 549 270 ლარი შეადგინა. აი, სად მიდიოდა თბილისელებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აი, სად მიდიოდა თანხები, რომელიც ქალაქს უნდა მოხმარებოდა – დედაქალაქის ბიუჯეტი იხარჯებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ოჯახის წევრების, მათი ახლობლების კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი დღეს საკრებულოში მივიდა. მან სიტყვით მიმართა დეპუტატებს, თუმცა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად აქციას მართავენ, საკრებულოს სხდომაზე შევიდნენ ტრანსპარანტებით, ნარმანიამ მოითხოვა, რომ აქციის მონაწილეებს დაეტოვებინათ დარბაზი. ისინი დაცვამ გაიყვანა, რის შემდეგაც სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი