ახალი ამბები

გია ვოლსკი NDI-ის გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არ ენდობა

13 აპრილი, 2016 • 1233
გია ვოლსკი NDI-ის გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არ ენდობა

ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი ამბობს, რომ NDI-ს გამოკითხვის შედეგებში მოულოდნელი არაფერია.

დეპუტატის აზრით, ამ ორგანიზაციის კვლევები არ შეიძლება რეალური იყოს: “2012 წელს ჩვენ 12 % გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული NDI-ის არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც რეალური. საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა თავად NDI-ს იმის გამო, რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან. უკვე რამდენი ხანია ვერ გამოვიდა NDI იმ ჩრდილიდან, რომელიც მიაყენა ამ ორგანიზაციამ მის ავტორიტეტს საქართველოში, თუმცა ის ბევრ დადებით პროგრამას ახორციელებს.”

ვოლსკის თქმით, რეიტინგული გამოკითხვები ტარდება იმ ადამიანებში, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია და აუცილებლად მიდიან არჩევნებზე:

“ დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომელიც არ სცემს პასუხს, რასაკვირველია, ვერ გამოხატავს თავის პოზიციას და ბევრი ნიუანსია, რომელიც არასგზით არ მოხერხდა, რომ კვლევის მეთოდიკა ექსპერტებთან შეათანხმოს და, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდეს [NDI] იმ მოჯადოებული წრიდან, რასაც ჰქვია უავტორიტეტობა და ნდობის სრული დაკარგვა. თვითონაც არ აპირებს ამის გაკეთებას.”

“ქართული ოცნების” წევრებს სხვა დროსაც დაუყენებიათ ეჭვქვეშ “NDI-ის კვლევის შედეგები.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”- 13%, “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი