ახალი ამბები

NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ევროკავშირისადმი ნდობის ზრდას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირებს

11 აპრილი, 2016 • 1682
NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ევროკავშირისადმი ნდობის ზრდას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირებს

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობის ამაღლების ფაქტს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებულ წინსვლას უკავშირებს. ამის შესახებ მან დღეს, 11 აპრილს NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა  გასული წლის აგვისტოს შემდეგ 61 პროცენტიდან 77 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის უმეტესობა (54 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, მაშინ, როცა 27 პროცენტის აზრით, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ბოლო მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

მოსახლეობის უმრავლესობა (86 პროცენტი) კარგად არის ინფორმირებული დეკემბერში ევროკავშირის მიერ გამოცემულ პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა. მოქალაქეების უმრავლესობა (84 პროცენტი) მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და სჯერა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათთვის სასარგებლო იქნება (72 პროცენტი).

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აზრით, საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა უმრავლესობას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალმხრივი დამოკიდებულება აქვს: მოსახლეობის 52 პროცენტის შეფასებით, ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მოსახლეობის 14 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველომ უბრალოდ პრო-დასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

“შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულმა დადებითმა ანგარიშმა პოზიტიური გავლენა იქონია ევროკავშირისადმი ნდობის ზრდაზე. ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯები ხელს უწყობს ქვეყანაში პროდასავლური კურსის გაძლიერებას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის უმეტესობას ალტერნატივების შენარჩუნება სურს და მხარს უჭერს კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან,” – განაცხადა ლორა თორნტონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი