საზოგადოება

ნეტგაზეთის განმარტება ”რელიგიურ პატიმრებზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

20 აგვისტო, 2010 • 1162
ნეტგაზეთის განმარტება ”რელიგიურ პატიმრებზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

 ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – “საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს” სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. გამოხმაურების ავტორები გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით.

”მიზანმიმართული სიცრუე” – ამ სათაურით გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე  მომხმარებელმა ბარბარე მარჯავიძემ,  რომელშიც იგი ნეტგაზეთის ჟურნალისტს ნინო ძანძავას ინფორმაციის წყაროს გაყალბებაში ადანაშაულებს.

ნეტგაზეთი საპატრიარქოს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა პრესრელიზი საქართველოს პატრიარქის გლდანის საპყრობილეში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. პრესრელიზის მიხედვით, ილია მეორეს ”რელიგიური პატიმრები” უნდა მოენახულებინა. ხოლო  გამომგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართი გახლდათ religiispatimrebi@gmail.com

იმის გამო, რომ ეს არ გახლავთ საპატრიარქოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია  საპატრიარქოში გადაგვემოწმებინა.

ჟურნალისტი ნინო ძანძავა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა. სწორედ ამ სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.

სოციალურ ქსელებსა და პოლიტფორუმზე გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, ”ნინო ძანძავა ასრულებს შემდეგ დავალებას, რომ ამ ბიჭების რწმენისათვის დაპატიმრებულობა დააყენოს ეჭვქვეშ და ეს პოზიცია მიაწეროს საპატრიარქოს. მოვიყვან ციტატებს მისი სტატიიდან „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის” და ,,მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულიგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ” რომელსაც მიაწერს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს”. ფეისბუქის კიდევ ერთი მომხმარებლი ლევან  ლევანიძე წერს: ”მე პირადად გუშინ ღამე ვესაუბრე მამა მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც თქვა შემდეგი რამ: ,,მე მსგავსი არაფერი მითქვამს, მე მათ ვუთხარი, რომ ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი და დღესვე გამოსაშვებები და საერთოდ სხვა თემაზე დამირეკეს და ეს მკითხეს მოულოდნელად, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდნენ, პროვოცირება მომიწყვეს და მე აუცილებლად დავუკავშირდები მაგ სააგენტოს და ამოვაღებინებ აღნიშნულ სტატიას”. ეს გახლავთ ბოტკოველის პოზიცია. აქვე მინდა აღვნიშნო, ბოტკოველს რომც ეთქვა მსგავსი რამ, ეს იქნებოდა მისი პირადი აზრი. საპატრიარქომ კი თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა”.

ეს კი გახლავთ ინტერვიუს ჩანაწერი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან, რომელსაც ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა:

 

განვმარტავთ, რომ ჩვენი  (ნეტგაზეთის) მიზანია მოქალაქეების ინფორმირება  და ფაქტებსა და წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება და არა ვინმეს ლაქიობა, ვინც არ უნდა იყოს ის.

 

პ.ს. თუკი მოგვაწოდებთ,   სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ვიდეომასალას, რომელშიც ბარბარე მარჯავიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი გლდანის საპყრობილეში  ასე მიმართავს პატიმრებს: ,,მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენ უდანაშაულონი და რწმენისთვის დაპატიმრებულნი ხართ”. 

მასალა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მისამართზე editor@netgazeti.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი