საზოგადოება

„თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“

24 ივლისი, 2010 • • 1685
„თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“

დავით გაბუნიას ვიდეო

 

„ჩემთვის ყოფილა ეს აქცია, სამთვენახევრის ფეხმძიმეს ქმარმა მუცელში მირტყა“ – ამ სიტყვებით ახალგაზრდა ქალბატონმა დღეს ირანის საელჩოს წინ ქალთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა. როგორც კი წარწერების შინაარსი ამოიკითხა, აქცია იმ ირანისტმაც დატოვა, რომელმაც განაცხადა, ირანელი ხომ არ ვარ, რომ გავაპროტესტოო.

საქინე მოჰამადი აშთიანის საქმით პროვოცირებული საპროტესტო აქცია თბილისში ირანის საელჩოსთან უკვე მეორედ მოეწყო. აქციის მონაწილეთა რიცხვი, გასული კვირის შაბათ დღესთან შედარებით, ცოტათი გაიზარდა კიდეც და მისმა რაოდენობამ ოცდათხუთმეტს მიაღწია.

„ისლამის სახელით დანაშაულს ნუ სჩადიხართ“, „თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“, „შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა“, „ძირს დიქტატურა“, – ტრანსპარანტები ამ წარწერებით აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე ორი საათის განმავლობაში ეჭირათ.

ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე თაბრიზის ციხეში საქინე მოჰამადი აშთიანი უკვე დიდი ხანია სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში იმყოფება. 2006 წელს ის მეუღლის მკვლელობის საქმისთვის დაკითხეს. დაკითხვის პროცესში საქინემ აღიარა, რომ იმ ორ მამაკაცთან, რომლებსაც მოგვიანებით მისი  ქმრის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ”აკრძალული ურთიერთობები” ჰქონდა. ამავე წლის მაისში საქინე ჩადენილი დანაშაულისთვის 99 როზგით დაისაჯა. სასჯელის აღსრულების შემდეგ მოჰამადი აშთიანი გაათავისუფლეს. თუმცა ოთხი თვის თავზე, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანის მხარის კრიმინალურმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალს, ადიულტერის მოტივით, ჩაქოლვის განაჩენი გამოუტანა.

ჩაქოლვით სიკვდილმისჯილი მრავალი ირანელი ქალის მსგავსად, საქინემ აღიარებითი ჩვენება დაკითხვის პროცესში მისცა, მაგრამ სასამართლოში და მოსამართლის წინაშე მან აღიარება უარყო. აშთიანიმ განაცხადა, რომ დაკითხვის პროცესში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ადიულტერი ირანულ სასამართლოში შემდეგნაირად მტკიცდება: ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის აქტს ოთხი მოწმე უნდა ჰყავდეს, რომლებიც აქტის მიმდინარეობას თავად შეესწრნენ და ახლოდან დაინახეს. დანაშაულის დადგენის ალტერნატიული გზა ბრალდებულის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა და აღიარების ოთხჯერ დადასტურებაა.

საერთაშორისო საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ თავრიზის ციხის ხელმძღვანელობამ ირანის სასამართლო ხელისუფლებას განაჩენის გადახედვის წინადადებით მიმართა და სთხოვა, ჩაქოლვის ნაცვლად, სასჯელი მოჰამადი აშთიანის ჩამოხრჩობით აღესრულებინათ. სასამართლო მოლბა და ქალის დასჯის ერთი ფორმა მეორეთი შეცვალა.

19 ივლისს აშთიანის სასიკვდილო განაჩენის აღსრულება კიდევ ოცი დღით გადადეს. დღეს, 24 ივლისს, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, პროტესტანტების შეკრების მიზეზით, იქვე მდებარე რუსეთის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ.

„შეწყვიტეთ ქალთა კვლა“, „ნუ მოკლავთ საქინეს“, – სკანდირებდნენ სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, რომლებმაც პროტესტის გამოხატვა ირანელი პოეტისა და იურისტის, ჰამიდ მოსადეყის ლექსის, “ლურჯი, ყავისფერი, შავი” სტრიქონების სპარსულად კითხვით დაიწყეს: „მე თუ ავდექი, შენ თუ  ადექი, ყველა ადგება, მე თუ დავჯექი, შენ თუ დაჯექი, ვინღა ადგება?“. როგორც ირანისტი თინათინ ჯაფარიძე ამბობს, თავისუფლების გამომხატველ ამ სტრიქონებს ირანელები ისლამური რევოლუციის დროსაც გაიძახოდნენ, როცა ხალხს ეგონა, რომ დიქტატურა დასასრულს უახლოვდებოდა და მათ უკეთესი  მომავალი ექნებოდათ. თინათინ ჯაფარიძე ასევე ფიქრობს, რომ „სივდილით დასჯა, დაპატიმრება და აბსურდული ჯარიმები არ არის მხოლოდ ირანელი ხალხის სატკივარი. საქართველოს უნივერსიტეტების ირანისტიკის განყოფილებებს და ირანის საელჩოს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სამწუხაროდ, მათი წარმომადგენლები, სხვადასხვა მიზეზის გამო, აქციაზე არ მოვიდნენ.  ირანისტი ლექტორების და სტუდენტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. სიჩუმე მხოლოდ დიქტატურის გამყარებას და საფრთხის ზრდას  ემსახურება“.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში საპროტესტო მიტინგი დაანონსდა, როგორც „აქცია ირანში ქალების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“. კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი თვლის, რომ ჩაქოლვის წესით ადამიანის დასჯა ყველა შემთხვევაში აღშფოთებას იწვევს: „რასაკვირველია, ირანში მამაკაცებიც ბევრნაირად იზღუდებიან, მაგრამ ქალი, როგორც ნებისმიერ ტრადიციულ პატრიარქალურ კულტურაში, ორმაგი წნეხის ქვეშ იმყოფება და, ამ შემთხვევაში, ჩვენი სოლიდარობის აქცია სწორედ ქალთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული“.

ცნობილია, რომ არსებობენ ფემინისტები, რომლებიც სხვადასხვა არადასავლურ კულტურაში უხეში ჩარევისგან თავის არიდების მოტივით, ქალთა უფლებების შემლახველი ქმედებების კრიტიკისგან თავს იკავებენ. თეო ხატიაშვილი არ მიიჩნევს, რომ ირანელი ქალების სიკვდილით დასჯის გაპროტესტება ევროპოცენტრისტული და თავსმოხვეული იდეოლოგიის ნაწილია. „ამ შემთხვევაში ძალიან რაციონალური და გულგრილი ადამიანი უნდა იყო, რომ რაღაცეები დაალაგო: ეს მეხება, ის – არა; ეს მათი ტრადიციაა; ამისთვის შეიძლება ვიბრძოლოთ, იმისთვის კი – არა… აქ აღარ არის ცალკეული უფლებების დარღვევაზე ლაპარაკი, ამ შემთხვევაში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა თანამედროვე, ვითომ ცივილიზებულ სამყაროში რამდენიმე საუკუნის წინანდელი დასჯის ფორმა ისევ აქტიურადაა გამოყენებული, არ ვიცი, როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ამ მოვლენის მიმართ”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი