საზოგადოება

საბჭოთა მემკვიდრეობა

2 აპრილი, 2010 • 1782
საბჭოთა მემკვიდრეობა

  იურისტებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც მოქალაქეების ტელეფონის ნომრებს ნებისმიერ მსურველს აწვდიან, ადამიანის უფლებებს არღვევენ.

 საინფორმაციო ცენტრები 09 და 08 ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციის ტელეფონის ნომერს აწვდიან.  ცენტრების ოპერატორები მზად არიან დაეხმარონ დაინტერესებულ პირებს, თუნდაც ამისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის გაცემა დასჭირდეთ. მაგალითად თქვენი სახლის ტელეფონის ნომერი.

”საინფორმაციო ცენტრ 09”-ის ისტორია 1925 წლიდან იწყება, როცა საბჭოთა მთავრობამ მიიღო  დადგენილება”მოსახლეობის ადგილზე ჩაწერის შესახებ.” შეიქმნა საინფორმაციიო სატელეფონო ბაზა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სამისამართო-საფოსტო-საცნობარო სამსახური. 

1926 წელს საცნობარო სამსახურს მიენიჭა სატელეფონო კოდი ”09” და ასე ჩამოყალიბდა ”თბილისის ცნობარი 09.” თავდაპირველად თბილისის ცნობარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის შეზღუდული იყო. მისით ძირითადად სამთავრობო უწყებები სარგებლობდნენ. თანდათანობით ”ცნობარი 09” საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშულება გახდა, რომელიც გასცემდა კერძო პირებისა და ორგანიზაციების მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს.

2001 წელს თბილისის ცნობარს, ”საინფორმაციო ცენტრი 09” დაერქვა და სახელმწიფო ორგანიზაციიდან სააქციო საზოგადოებად იქცა. დღეს მისი ერთ-ერთი მფლობელი ს/ს ”საქართველოს ბანკია.”

2008 წლიდან ”09”-ს კონკურენტი გამოუჩნდა. ”საინფორმაციო სამსახური 08”-ც ასევე გასცემს ამა თუ იმ პირის ტელეფონის ნომრებსა და   მისამართებსაც

იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ”საბჭოთა კავშირში პირადი ინფორმაციის გაცემა სხვაგვარად იყო დარეგულირებული. საბჭოთა კავშირი ამგვარ უფლებებს საერთოდ არც აღიარებდა. თვითონ ადამიანების უკითხავად ასეთ ცნობებს ადგენდა და აქვეყნებდა. არავის არ მოსდიოდა აზრად რომ წასულიყო სასამართლოში, რადგან ასეთი უფლება არ არსებობდა.”

შესაბამისად, საბჭოთა საქართველოში შექმნილი ორგანიზაციისთვის არ იყო უკანონო ფიზიკური პირების საკონტაქტო ინფორმაციის გაცემა. პირადი ინფორმაციის გაცემა დღეს კანონით აკრძალულია, მაგრამ თუ, ვინმე დაინტერესდება  თქვენი სახელითა და გვარით, ან უბრალოდ იღბალს მიენდობა და ტელეფონის ნომრის ციფრებს ჩამოუთვლის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორებს, თქვენი თანხმობის გარეშე უცნობი პირი თქვენს პირად ინფორმაციას მიიღებს.

დღეს საქართველოში, ამგვარ ურთიერთობებს ”სამოქლაქო კოდექსი” არეგულირებს, რომლის მე-18 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ”ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს მეშვეობით, კანონის დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება… ”

პირადი ინფორმაციის გაცემა, კონკრეტული პირის ნებართვის გარეშე, ლახავს ინდივიდის უფლებებს. სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებლის მისამართი მიეკუთვნება პირად ინფორმაციას და მისი საიდუმლოდ დატოვების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრ თამარ კორძაიას მე-18 პრიმა მუხლის დარღვევად მიაჩნია საინფორმაციო ცენტრების მუშაობა:  ”ტელეფონის ნომრები უნდა იყოს დახურული ინფორმაცია.  რატომ უნდა იცოდეს მთელმა საქართველომ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი ტელეფონის ნომერი? ჩემი უსაფრთხოების საკითხი დგება.” იურისტი ამბობს, რომ საინფორმაციო ცენტრებმა უნდა გაარკვიონ რომელი არის საჯარო და რომელი კერძო ინფორმაცია. არ შეიძლება რომ მისი მომსახურებით მოქალაქეების უფლებები შეილახოს.

საინფორმაციო ცენტრზე, როგორც კერძო პირზე, ვრცელდება ”სამოქალაქო კოდექსი.” იგი არ არის საჯარო დაწესებულება და მის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. თუ კი რომელიმე მოქალაქე მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ილახება, მაშინ პირადად დაზარალებულმა უნდა უჩივლოს საინფორმაციო ცენტრს, რადგან ”სამოქალქო კოდექსის” მე-18 პრიმა მუხლი მოქალაქეს უტოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს.

საინფორმაციო ცენტრ 09-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ინგა კურცხალია იხსენებს, რომ იყო შემთხვევები, როცა მოქალაქე მისულა საკონტაქტო ინფორმაციის დამალვის მოთხოვნით. თუმცა, საქმე სასამართლომდე აბონენტის საჩივრის  გამო არასოდეს მოსულა.

კურცხალია მოქალაქეების ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს პირად ინფორმაციად არ მიიჩნევს:

”როცა ადამიანს არ უნდა, რომ თავისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, თუმცა ეს არის საჯარო ინფორმაცია და დამალული არ არის, ის უბრალოდ ჩვენ ოფიციალურად მოგვმართავს წერილით, რომ არ გავცეთ მისი ნომერი. ეს ნომერი ჩვენთან შეინახება, მაგრამ არ გავცემთ მას მომხმარებლებზე”.

კურცხალია ამბობს, რომ მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი არა მათ შესახებ ინფორმაციის გაცემა, არამედ მომხმარებლების თქმით, ”ტელეფონებზე უმიზეზოდ დაირიცხული ”09”-ის გადასახადია. ეს პრობლემაც გვარდება სატელეფონო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, როცა აბონენეტები ცნობენ საკუთარი ოჯახის წევრების ან მეზობლების ხმას”.

თამარ კორძაია ამბობს, რომ  უფლების შელახვა ნიშნავს იმას, რომ უფლებაშელახული სუბიექტი ამაზე იღებს ხმას. თუ მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი უფლება შეილახა და თუ ამას არ გავაპროტესტებ… ივარაუდება, რომ ჩემი თანხმობა არის.”

თუმცა, ”ნავარაუდები თანხმობის” შესახებ  იურისტი სანდრო ბამამიძე ამბობს: ”არჩივილი არ არის უფლებაზე უარის თქმა. შეიძლება არ გიჩივლო დღეს, მაგრამ გიჩივლებ ხვალ… რაღაცა რისკი იმისა, რომ N რაოდენობის ადამიანისგან სარჩელი მიიღოს საინფორმაციო ცენტრმა, ყოველთვის არის”.

ალექსანდრე ბარამიძეს მიაჩნია, რომ ასეთი ცნობარის გამოქვეყნებას აუცილებლად სჭირდება თანხმობა იმ ადამიანისგან, ვის შესახებაც ინფორმაციას აქვეყნებ: ” საინფორმაციო სააგენტოები აუცილებლად უნდა იღებდნენ კერძო პირებისგან მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გაცემის ნებართვას, თუნდაც იმიტომ, რომ თავი დაიზღვიონ აბონენტის ჩივილისაგან. პირადი ინფორმაციის დაუკითხავად გაცემა მხოლოდ საბჭოთა სივრცეში იყო შესაძლებელი. ასეთი პრაქტიკა დასავლური სივრცისთვის მიუღებელია, რადგან „სახელის უფლება და პირადი ინფორმაცია (სახელი, ტელეფონი, სახლის მისამართი) არის კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის  უფლების ნაწილი.“




მასალების გადაბეჭდვის წესი