საზოგადოება

ილიაუნის განმარტება, რატომ ვერ ჩაატარებს თეოდორე გიგნაძე შეხვედრებს უნივერსიტეტში

18 დეკემბერი, 2014 • • 2155
ილიაუნის განმარტება, რატომ ვერ ჩაატარებს თეოდორე გიგნაძე შეხვედრებს უნივერსიტეტში
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა (სტუდენტების ინფორმაციით, 2000-ზე მეტმა სტუდენტმა) ხელმოწერით დაადასტურა, რომ სურს დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტების ყოველთვიური შეხვედრები მოეწყოს. 
 
“რექტორს მივმართავთ თხოვნით, საჯაროდ შევხვდეთ თვეში ერთხელ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს და ჩვენთვის საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. გვიყვარს ეს მოძღვარი და გვინდა ამ ადამიანმა ქრისტიანობა გაგვაცნოს, ღრმად მორწმუნე ადამიანია. ინტელექტუალურად გვინდა გავიზარდოთ,”- ამბობს ილიაუნის სტუდენტი გოდერძი ბოლქვაძე. 
 
მისივე თქმით, სასულიერო პირთან ილიას უნივერსიტეტში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა. თუმცა მისთვის გაურკვეველია, რატომ უზღუდავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მორიგი შეხვედრის ჩატარებას, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მათ თვეში ერთხელ ამ შეხვედრების მოწყობაზე შეუთანხმდა. 

კითხვაზე, რაზე ისაუბრა თეოდორე გიგნაძემ სტუდენტებთან ოქტომბრის თვეში შეხვედრის დროს, სტუდენტი ამბობს, რომ კარგად არ ახსოვს. 
 
ილიას სახელმწიფო უნივერტიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანა კვანჭლაშვილის განმარტებით, მსგავსი ტიპის შეთანმება არ შემდგარა.
 
“მეტიც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს გარეშე პირთა მოწვევისა და ღონისძიების გამართვის წესი, რომელიც დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ,”- ამბობს კვანჭილაშვილი. 
 
ილიაუნის პირობებით გათვალისწინებულია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა ემსახურებოდეს სასწავლო და კვლევით მიზნებს, ასევე უნივერსიტეტისა და, ზოგადად, მეცნიერების პოპულარიზაციას საზოგადოებაში; დაუშვებელია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ეწინააღმდეგება აზრისა და გამოხატვის, თავისუფლების, ასევე სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლების პრინციპებს; უნივერსიტეტში დაუშვებელია აკადემიური პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პოლიტიკური აგიტაცია; უნივერსიტეტში დაუშვებელია რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი; უნივერსიტეტში აკრძალულია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც არის დისკრიმინაციული და ლახავს რომელიმე პირისა ან ჯგუფის უფლებებს განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. 

კითხვაზე, რატომ ჩატარდა სასულიერო პირთან, თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა ოქტომბერში ილიას უნივერსიტეტის სივრცეში, ანა კვანჭილაშვილი პასუხობს:

 

“გიდასტურებთ, რომ ამა წლის ოქტომბერში ერთი შეხვედრა მართლაც ჩატარდა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან უნივერსიტეტში, მაგრამ არც ის შეხვედრა იყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან. ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც უნივერსიტეტში შეხვედრაზე მოვიდნენ.” 

 

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელმოწერების შეგროვებას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ უზღუდავს. 

 

სტუდენტები კი, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებენ, აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრების მოთხოვნით უნივერსიტეტის შენობაში ხელმოწერების შეგროვებას უკრძალავს, გეგმავენ უკვე არსებული 2000-ზე მეტი ხელმოწერა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გადასცენ. ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილიაუნიში ამ ეტაპზე 14 389 სტუდენტი ირიციხება. 


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე შეხვედრებს სტუდენტებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან პერიოდულად მართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი