საზოგადოება

მძღოლების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული მგზავრები

25 ნოემბერი, 2011 • 1148
მძღოლების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული მგზავრები

თბილისის მასშტაბით არსებულ არც ახალ და არც ძველ მიკროავტობუსებს კონტრაქტით არ აქვთ გათვალისწინებული დრო, რომელი საათიდან – რომელ საათამდე უნდა იმუშაონ. კომპანია ”თბილისი მიკროავტობუსი” ამ პრობლემას სისტემის ჩამოუყალიბებლობას უკავშირებს.

”იმ ფონზე, რომ მგზავრობა გაძვირდა 80 თეთრამდე და ამას ემატება ის, რომ საღამოობითაც არ დადიან, ეს ნამდვილად უპასუხისმგებლო საქციელია,” – ამბობს ერთ–ერთი მგზავრი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

”უკვე 9 საათის შემდეგ პრობლემა ექმნებათ ადამიანებს, ამიტომ თუ  ერთი მიმართულებით მიდიან, 3-4 მგზავრი იკრიბება და მე მიმყავს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ–ერთმა ტაქსის მძღოლმა.

თბილისის ძველი და ახალი მიკროავტობუსები კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” დაქვემდებარებაში არიან. კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძე ამბობს, რომ მიუხედავად კონკრეტული სამუშაო დროის არარსებობისა, სამარშრუტო ტაქსები საღამოს 10-11 საათამდე მუშაობენ:

”მძღოლებსს კონტრაქტში არ უწერიათ ზუსტი დრო, თუმცა სანამ მძღოლია, მანამდე უნდა იმუშაონ, ეს მისი კეთილსინდისიერების საკითხია”.

თბილისის #77 სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მძღოლი ამბობს, რომ მძღოლს მარტივად შეუძლია მიხვდეს, როდისაა მისი სამსახურიდან ადრე წასვლა მოქალაქეებისთვის არასაზიანო:

”თუ ხედავ, რომ სხვა მანქანა არ დგას და ხალხია, უნდა მიხვდე, რომ სახლში წასვლა ადრეა. ამ საკითხს მძღოლები ვარეგულირებთ და ჩვენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ეს პროცესი”.

თბილისის #100  სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადასტურებს, რომ მძღოლები ადრე მიდიან სახლში. მისივე თქმით, ამის გამო სექტემბერში კომპანიაში საჩივარიც შევიდა და შედეგად სათადარიგო მანქანები დაამატეს, რომლებიც ყოველდღე იცვლებიან.

ამ ფაქტს არ ადასტურებს  კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძე:

”არ შეესაბამება სიმართლეს, არც სათადარიგო მანქანების შესახებ მსმენია. შეიძლება ზარი იყო კომპანიაში და ჩვენ ასეთ ზარებზე ყოველთვის ვრეაგირებთ”.

კონტრაქტში კონკრეტული სამუშაო დრო არც ძველი მიკროავტობუსების მძღოლებს აქვთ მითითებული. ბატონი ლექსო თბილისის ერთ-ერთ მოკლე ხაზზე მუშაობს. ამბობს, რომ ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს:

”ეს საბჭოთადროინდელი ხაზია და ყოველთვის ამ რეჟიმში ვმუშაობდით, 8 საათის შემდეგ ხალხიც არ არის, რადგან მოკლე მონაკვეთია”.

”11-12 საათზე რომ დაამთავრო მუშაობა, მერე მანქანა უნდა ჩააბარო ავტოფარეხში, გარეცხო. ამასობაში პირველი საათი მოდის და როდის უნდა წავიდეს მძღოლი სახლში და მოისვენოს? თან დილით ადრე ვიწყებთ მუშაობას,” – ამბობენ მძღოლები.

მათივე თქმით, საღამოს საათებში მგზვრების ნაკლებობაა და მუშაობა არ უღირთ:

”საღმოობით 4–4 მგზავრი შეიძლება იყოს. 4 ადამიანისგან 3.20–ს ვიღებ, ეს თანხა ბენზინის ფულსაც არ ყოფნის და ზარალზე ვერ ვიმუშავებ,” – ამბობს #77 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

#197 მიკროავტობუსისი მძღოლი  მგზავრების ნაკლებობას სამარშრუტო ტაქსის ტარიფის გაძვირებით ხსნის:

”მოსახლეობა შედარებით იაფ ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას, 2-3 ადამიანის გულისთვის რთულია, ამხელა მანძილზე იარო. ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე 50 თეთრს დავაბრუნებდი”.

მძღოლებიც და ”თბილისის მიკროავტობუსის” პრესამსახურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძეც ამბობენ, რომ კომპანიისგან მათი მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა როგორ, კონკრეტულ პასუხს ვერ სცემენ:

თეონა ნიორაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ  კომპანიას ჰყავს კონკრეტული ჯგუფი, რომლის წევრებიც დადიან და ამ საკითხს ამოწმებენ, “თუმცა როგორ, კონკრეტულად ვერ გეტყვით, სანამ სისტემა ბოლომდე არ აეწყობა,” – ამბობს ის.

100 ნომრის მძღოლი აცხადებს, რომ  სპეციალური სამსახური მათ მუშაობას მართლაც ამოწმებს, თუმცა ამბობს, რომ ამ სამსახურს არ შეუძლია დაადგინოს, როდის წავიდა მძღოლი სახლში:

”მიკროავტობუსის ფარეხში შესვლა ადგილზე ფიქსირდება, უსაფრთხოების სამსახური ვერ გაიგებს, როდის წავალ სახლში, თუ მინდა ნებისმიერ დროს დავტოვებ ხაზს, მაგრამ გადასახადი მაქვს და ვინ გადაიხდის ჩემ ნაცვლად?”

”თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა სისტემის ჩამოუყალიბებლობას უკავშირდება:

”ჯერ ბოლომდე არ განხორციელებულა ძველი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება, ეს პროცესი გაზაფხულისთვის დასრულდება, მოხდება სისტემის ჩამოყალიბება და მძღოლების მუშაობის პროცესიც მკაცრად გაკონტროლდება,” – ამბობს თეონა ნიორაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი