სამართალი

“იდენტობა” 17 მაისის საქმის გამომძიებელს ჰომოფობიაში ადანაშაულებს და მის აცილებას ითხოვს

15 აპრილი, 2014 • • 1671
“იდენტობა” 17 მაისის საქმის გამომძიებელს ჰომოფობიაში ადანაშაულებს და მის აცილებას ითხოვს

 

წერილის სრულ ვერსიას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ. წერილში მოწმეთა საიდენტიფიკაციო დეტალები წაშლილია.

 

“2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი საჯარო შეკრების მონაწილეების მიმართ აგრესიულად განწყობილი კონტრდემონსტრანტების მხრიდან განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მე-7 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს გამომძიებელი ზურა სხირტლაძე. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში, შემთხვევიდან 11 თვის შემდეგ, მოცემულ საქმეზე პირველად, მოწმის სტატუსით დაიკითხა სამი მოწმე. დაკითხვას აწარმოებდა ზურა სხირტლაძე. მან სამივე პირს გამოკითხა სექსუალური ორიენტაციის შესახებ. კერძოდ, ის ინტერესდებოდა მოწმეების პარტნიორების სქესით.

 

ზურა სხირტლაძემ ერთ-ერთ დასაკითხ პირს ურჩია, “იდენტობაში” მუშაობის ნაცვლად დაეარსებინა ორგანიზაცია სახელად “დავიცვათ ჩვენი საქართველო” და იქ ემუშავა. იმავე პირთან ზურა სხირტლაძემ (გამოსაძიებელი საქმის გარემოებასთან დაკავშირებით) აღნიშნა: “პირსინგი თუ ეკეთა და წითელი შარვალი ეცვა, გაეკიდებოდა ხალხი, აბა რას იზამდა”. ამით მან გამოხატა, რომ აგრესია ადამიანების მიმართ, რომლის საქმესაც თავად იძიებდა, სრულებით ბუნებრივი იყო. მოცემული ფრაზის შემდეგ მან დასაკითხს მიუთითა მისთვის უცნობ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც იმ დროს პოლიციის განყოფილების შენობაში იმყოფებოდა ჩვენთვის უცნობი მიზეზით და წითელი შარვალი ეცვა, “ეს ბიჭი თქვენიანი ხომ არ არის?”, “თქვენთან დადის?” – იკითხა.

 

ორი მოწმის დაკითხვა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. საქმისთვის უმნიშვნელო კომენტარების მეშვეობით გამომძიებელი ცდილობდა მოეხდინა დასაკითხი პირების პერსონალური ინფორმაციის შესახებ სრულყოფილი ცოდნის დემონსტრიება. დაკითხვაზე მისულ ერთ-ერთ მოწმეს თან მოყვნენ მისი მეგობრები. ისინი მას პოლიციის შენობის გარეთ ელოდებოდნენ. ზურა სხირტლაძემ მოითხოვა, რომ ისინი შენობაში შესულიყვნენ და, ფაქტობრივად, ისინიც ჩართო დაკითხვის პროცესში. მან იკითხა დასაკითხი პირის, ერთ-ერთი მეგობრის გვარი და სახელი. მას სურვილი არ ჰქონდა გაეცა პასუხი, რადგან ეს ზემოთ აღნიშულ საქმესთან კავშირში არ არის. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ ვალდებული იყო გაეცა კითხვაზე პასუხი, რადგან პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. შემდეგ მოძებნა მისი პირადი მონაცემები კომპიუტერის მეშვეობით, აჩვენა მისი ფოტოსურათები და დამცინავად ჰკითხა, ხომ არ უნდოდა აღნიშნული სურათები სოციალურ ქსელ  “ფეისბუქში” ატვირთულიყო. დასაკითხი პირის მეგობრებს გამომძიებელი ეკითხებოდა ქორწინების სტატუსის, სამუშაო ადგილის და სხვა პირადი დეტალების შესახებაც.

 

ამასთან, დასაკითხ პირებს ის უსვამდა ბევრ შეკითხვას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხი ვერ იქნებოდა გამოძიების ინტერესებში. მაგალითად, იკითხა სად მუშაობდა ერთ-ერთი მოწმის შეყვარებული და რა სქესის იყო. გამომძიებელმა ასევე იკითხა, იყო თუ არა მოწმე “ტრადიციული” ორიენტაციის. გარდა ამისა, დაკითხულები აცხადებენ, რომ გამომძიებელი გაცილებით ბევრ დამატებით და დამაზუსტებელ კითხვას სვამდა მათი პირადი ცხოვრების შესახებ, ვიდრე უშუალოდ საქმესთან კავშირში. დაკითხულების განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ გამომძებელი საქმის დეტალების საფუძვლიანი გამოკვლევით არ იყო დაინტერესებული.

 

გამომძიებლის აღწერილი ქცევა გვაძლევს საფუძველს ეჭვი შევიტანოთ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობაში. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ გასულია ერთი წელი და საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე წარდგენილი განცხადების 20 ხელმომწერი პირიდან დაკითხულია მხოლოდ რამდენიმე. საქმის გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გამომძიებელი ჰომოფობიურად არის განწყობილი ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ, რაც აშკარად ხელს უშლის მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში. მისი მხრიდან არადელიკატური დამოკიდებულების გამოვლენა დაკითხულთა სექსუალური ორიენტაციის მიმართ, ისევე, როგორც მისი ჰომოფობიური განწყობა, აჩენს საფრთხეს, რომ ის არ ფლობს საკმარის ცოდნასა და კომპეტენციას აღნიშნულ სფეროში გამოძიების სრულფასოვნად წარმოებისთვის. ჩვენი აზრით, გამომძიებელი ზურა სხირტლაძე აცილებულ უნდა იქნას მითითებული გამოძიების პროცესს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად “გამომძიებელი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. პროკურორი უფლებამოსილია სსსკ-ის 33-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტის თანახმად საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს.

 

ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამომძიებელ ზურა სხირტლაძის მონაწილეობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიიუკერძოებლობას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, მოცემული საქმე ჩამოერთვას გამომძიებელ ზურა სხირტლაძეს და გადაეცეს სხვა გამომძიებელს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის შუამდგომლობაში, რომლითაც მან რაიონულ პროკურორ გიორგი მიქაიას მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი