სამართალი

“ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებული პირი ჟურნალისტ თედო ჯორბენაძესაც აშანტაჟებდა

6 დეკემბერი, 2016 • 3713
“ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებული პირი ჟურნალისტ თედო ჯორბენაძესაც აშანტაჟებდა

კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი, რომელიც ფოტოგრაფების საქმეზეა დაკავებული,  გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების პროცესშიც მონაწილეობდა.

დავით დევნოზაშვილი

დავით დევნოზაშვილი

თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ “მაკომპრომატირებელ ფოტომასალას”. ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი. მისი ვინაობა გაზეთმა “ბათუმელებმა” 2011 წელს დაადგინა. მოძალადე პოლიციელთაგან „ბათუმელებმა“ კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა 2013 წლის მაისის თვეში დაადგინა.

როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ნეტგაზეთის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გრიფი “საიდუმლო” ადევს.

“დავით დვნოზაშვილი არის ბრალდებული ზუსტად ანალოგიური ტიპის დანაშაულისთვის, რომ იგი ახდენდა ჟურნალისტის შანტაჟს”, – თქვა კოკა კაციტაძემ.

თუ დევნოზაშვილი სამართლამდაცველებმა მხოლოდ ამ დღეებში დააკავეს, ეს ნიშნავს, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა მისჯილი არ ჰქონდა, შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  • როდის წაუყენეს ბრალი თედო ჯორბენაძის საქმეზე დავით დევნოზაშვილს?
  • რა მუხლით?
  • ითხოვდა თუ არა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას და კონკრეტულად რა ფორმას?
  • აპირებს თუ პროკურატურა გრიფი ‘საიდუმლო” მოხსნას, ისე როგორც ეს ფოტოგრაფების საქმეზე გააკეთა?

ზემოხსენებულ შეკითხვებზე პასუხის მიღება ჯორბენაძის საქმის პროკურორ რამაზ შავაძისგან ვცადეთ, რომელმაც მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული (თანხის ოდენობა არ დაუკონრეტებია) და საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.


საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს, 6 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით,” სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი