ახალი ამბებისამართალი

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა

9 იანვარი, 2018 • 2213
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 9 იანვარს უცვლელად ძალაში დატოვა ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

ფოტოგრაფების საქმეზე 2017 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს 4.6 წლით, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს 1.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.

ფოტოგრაფების დაკავება  2011 წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო, რომელსაც არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა.   მაშინ პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით ევროპის პრესფოტოსააგენტო ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე დააკავა.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან მოხდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება:

კერძოდ, დავით დევნოზაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ხელშეწყობით, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდა “ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ პირებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.

სააპელაციომ სწორედ ეს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. სასამართლოს ცნობით, გარდა ამისა, ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც  თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

“ფოტოგრაფების საქმეზე” დავით დევნოზაშვილსა და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა მიუსაჯეს

“ფოტოგრაფების საქმეზე” დაკავებული პირი ჟურნალისტ თედო ჯორბენაძესაც აშანტაჟებდა

მასალების გადაბეჭდვის წესი