ახალი ამბები

ჟურნალისტის შანტაჟის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას პროკურატურა უახლოეს გონივრულ ვადაში აპირებს

9 ივლისი, 2013 • 1358
ჟურნალისტის შანტაჟის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას პროკურატურა უახლოეს გონივრულ ვადაში აპირებს

ჟურნალისტის დაშანაჟების ფაქტზე “ნეტგაზეთის” მიერ დასმულ კითხვას დღეს არჩილ კბილაშვილმა ასე უპასუხა:

 

„ჩემთვის ცნობილი არის ამ ფაქტის შესახებ. ჩემთვის ცნობილია, ასევე, მიმდინარე გამოძიების შესახებაც. რაც შეეხება მათი პასუხისმგებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ალბათ, უახლოეს გონივრულ ვადაში იქნება მიღებული. თუკი საქმეში არსებული მასალები საკმარისია იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ, მაშინ ეს აუცილებლად განხორციელდება. მივუბრუნდებით ჩვენ ამ საკითხს და შესაბამის გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ, უბრალოდ დასაზუსტებელი მაქვს, ამოწურულია თუ არა იქ ყველა საგამოძებო მოქმედება. თუ ყველა საგამოძებო მოქმედება უკვე ამოწურულია, მაშინ ერთ–ერთ შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მივიღებთ“.

 

აჭარის პროკურორმა თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით 2013 წლის მაისში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ შევკრიბეთ საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ პასუხისგებაში მიგვეცა [ეს პირები], გამოვკვეთეთ ეს ყველაფერი, მაგრამ საუბარია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კონკრეტული საქმისთვის გრიფის შენარჩუნებაზე“.

 

თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ მისი სექსუალური ცხოვრების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას.

 

ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი. მოძალადე პოლიციელთაგან „ბათუმელებმა“ კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა ამ წლის მაისის თვეში დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი