ახალი ამბებისამართალი

ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვეს

22 მაისი, 2017 •
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლი დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა.

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, რის გამოც მოითხოვა ბრალდების მხარემ პატიმრობის გახანგრძლივება. პროკურორის განმარტებით, არსებობს სასჯელისთვის თავის არიდების რისკიც.

“მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და გამოყენებული პატიმრობა დატოვა ძალაში. ბრალდების მხარე აპელირებდა სასამართლოს წინაშე, რომ კვლავ არსებობს ის საფრთხეები, რომლებიც საფუძვლად დაედო პატიმრობის გამოყენებას, კერძოდ, მოწმეთა ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. ეს ჩვენ კვლავ დავასაბუთეთ იმ მოტივით, რომ მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე სახეზეა იმ მხრივ, რომ საქმეზე დასაკითხი არიან მნიშვნელოვანი მოწმეები,” – ამბობს პროკურორი.

ბრალებულის ადვოკატი კახა წერეთელი სასამაართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ არ არსებობდა მიმალვის საფრთხე. მისი თქმით, უკვე დაიკითხა ყველა დაზარალებული და ვერც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ხედავს. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს სთავაზობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ–ერთი დაზარალებული, ნათია გედენიძე 27 აპრილს დაკითხა. მან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ აშანტაჟებდა დავით დევნოზაშვილი მისი პირადი კომპიუტერიდან მოპოვებული პიკანტური ფოტოს გასაჯაროებით, თუ იმდროინდელი ძალოვანი უწყებებისთვის წინასწარ დაწერილ ტექსტს არ მოაწერდა ხელს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, დავით დევნოზაშვილი 2016 წლის 6 დეკემბერს დააკავა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს ინტერპოლი ეძებს. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გავრცელება გახდა.

ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების პროცესშიც მონაწილეობდა. კერძოდ, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2009 წლის ნოემბერში სცადეს. ისინი ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გამოუქვეყნებდნენ “მაკომპრომატირებელ ფოტომასალას”. ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟს სწორედ კონტრდაზვერვის ოფიცერი დავით დევნოზაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი ვინაობა გაზეთმა “ბათუმელებმა” 2011 წელს დაადგინა. მოძალადე პოლიციელთაგან “ბათუმელებმა” კიდევ ერთის – ზაზა გუჯაბიძის ვინაობა 2013 წლის მაისის თვეში დაადგინა. ფოტორეპორტიორებს საქმეზე დევნოზაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე დევნოზაშვილს ბრალი წაყენებული აქვს, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გრიფი “საიდუმლო” ადევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი