სამართალი

”თრიალეთის” დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილს იარაღით დაემუქრა

22 დეკემბერი, 2011 • • 1903
”თრიალეთის” დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილს იარაღით დაემუქრა

ნათია კუპრაშვილი
ნათია კუპრაშვილი

შიდა ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორი და ტელეკომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილმა “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მიბჯენით ემუქრებოდა. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ნათია კუპრაშვილმა განუცხადა.

ნათია კუპრაშვილმა, რომელიც, ასევე, არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქრტიის საბჭოს წევი, ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ინციდენტი გუშინ, 21 დკემბერს, დღის 11-12 საათის შუალედებში თბილისში, IREX-ის ოფისთან მოხდა. კუპრაშვილის თქმით, ის საქმიან შეხვედრაზე  იმყოფებოდა ”IREX-საქართველოს” ხელმძღვანელთან, სადაც ასევე იყო ”თრიალეთის” დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი. როგორც კუპრაშვილმა განაცხადა, ნანეტაშვილმა შეხვედრაზე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოფისიდან გამოსულ ნათია კუპრაშვილს ქუჩაში თავისი მეუღლე დახვდა, რომელთან ერთად საქმეზე წასვლას აპირებდა.

როგორც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ბადრი ნანეტაშვილი მიუახლოვდა თავის მანქანას, იქიდან იარაღი ამოიღო და ნათია კუპრაშვილსა და მის მეუღლეს დაემუქრა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად ნათია კუპრაშვილს.

ნათია კუპრაშვილმა პროკურატურას დაუყოვნებლივ მიმართა და მომხდარზე დეტალური ჩვენება მისცა. როგორც ის ამბობს, მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია სათვალთავალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, აღბეჭდილი უნდა იყოს მომხდარი.

ამ დრომდე ვერ ხერხდება ბადრი ნანეტაშვილთან დაკავშირება. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. მომხდართან დაკავშირებით მისი ძმა, ჯონი ნანეტაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რა მოხდა გუშინ, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ თავისი ძმის წინააღმდეგ ”რაღაცას თითხნიან.”

ჯონი ნანეტაშვილის თქმით, ბადრი ნანიტაშვილი ამჟამად შეხვედრაზეა და ტელეფონი ამიტომაც აქვს გათიშული.

ნათია კუპრაშვილი იხსენებს, რომ პირველი დაპირისპირება მასსა და ბადრი ნანეტაშვილს შორის რამდენიმე წლის წინ იმ დროს დაიწყო, როცა ის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

”როცა მე დავინიშნე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღამსრულებელ დირექტორად და მივედი ასოციაციის პირველ კრებაზე, იქ დამხვდა ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა იმ პროექტების დაწყებას, რომელსაც ასოციაცია ახლაც ახორციელებს.  ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ არ დაწყებულიყო ეს პროექტები. მე ვიკითხე ვინ იყო ეს ადამიანი, რადგან ბადრი ნანეტაშვილი – ასეთი სახელის ადამიანი ვიცოდი, რომ იყო ვიცე-გუბერნატორი, ”- ამბობს ნათია კუპრაშვილი, ”- მე მას ვუთხარი, რომ ვიცე-გუბერნატორს არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო იმ ასოციაციის საქმიანობაში,  რომლის წევრიც არის ტელეკომპანია.  მან მაშინვე მომაყენა შეურაცხყოფა და როგორც მერე გავიგე, ის გაღიზიანებული იყო ამ პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის შერჩევით. როგორც ვიცი, მას ჩემამდე ჰქონდა მცდელობა, თავისი კადრი დაესვა ამ პოზიციაზე, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა.”

როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბაკურიანში, ბადრი ნანეტაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა განმეორებით მიაყენა.

რეგიონულ მაუწყებელთა აღმასრულებელი დირექტორი იხსენებს, რომ გუშინ, ”IREX-ის” ოფისში, მარჯანიშვილზე დონორთან განიხილავდა ასოციაციის სამომავლო გეგმებს და განვითარების გზებს, შეხვედრას კი ბადრი ნანეტაშვილიც ესწრებოდა.  (ნანეტაშვილმა კუპრაშვილთან პირველი კონფლიქტის შემდეგ  სხვა ასოციაცია ჩამოაყალიბა, სადაც 4 რეგიონული ტელეარხი გაწევრიანდა).

ნათია კუპრაშვილი იხსენებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ბადრი ნანეტაშვილი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დისკრედიტაციას ცდილობდა და ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კუპრაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდგე, სიტყვიერი შელაპარაკება ლიფტშიც გაგრძელდა, ლიფტიდან გამოსულებს ქვემოთ დახვდათ ნათია კუპრაშვილის მეუღლე, რომელთან ერთადაც ნათია საქმეზე წასვლას აპირებდა.

”დათომ რომ დამინახა ანერვიულებული ვიყავი, იკითხა, რა ხდებოდა. ამ დროს ბადრიმ გვითხრა, ჩაჯექით ჩემს მანქანაშიო და მანქანისკენ მივყავდით. თვითონ ჩაჯდა, როგორც ჩანს, იარაღის გადმოსაღებად. გადმოვიდა, ამოიღო იარაღი და მიბჯენით დაგვიმიზნა. ამას ახლდა პირდაპირი მუქარა,” – უთხრა ნათია კუპრაშვილმა ”ნეტგაზეთს.” მისივე თქმით, ნანეტაშვილმა ხელით მისი წაქცევაც სცადა.

”-მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცმა ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ დღეს გამოვიდეს და თქვას, რას უშვება ეს მთავრობა და რას უშვება ასოციაცია. მე ამის გამო ამ შეურაცხყოფას არ ავიტან,” – ამბობს კუპრაშვილი.

”ნეტგაზეთი” შეეცადა, ფაქტზე შსს-სგან მიეღო ინფორმაცია. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განგვიცხადა, პრესსამსახურისთვის მიგვემართა, თუმცა, პრესსამსახურის თანამშრომლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა იოსავა დაგვპირდა, რომ გაარკვევს, რა ეტაპზეა გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

ბადრი ნანეტაშვილის ვერსია

გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ბადრი ნანეტაშვილმა ინტერნეტ გამოცემა media.ge-სთან გააკეთა.

Media.Ge-ს  სკაიპით  დაუკავშირდა ბადრი ნანეტაშვილი,  რომელმაც პორტალს მომხდარის შესახებ  მოუთხრო.

ნანეტაშვილის თქმით, აირექსის ოფისში შეხვედრის დროს ნათია კუპრაშვილი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც   ის  რამდენჯერმე  გააფრთხილა.

„ჯერ გავაფრთხილე,  რომ ნუ მეუზრდელებიო და ბოლოს ვუთხარი, უზრდელი ქალი ხარო… მერე გამოგვაცილა აირექსმა და მეუბნება [კუპრაშვილი] შენი თავი უნდა ვაცემინოვო და დაბლა რომ წამოვედით თავისი ქმარი და ვიღაც ტიპი დამახვედრა….“, ამბობს ნანეტაშვილი, „ჯერ ვუთხარი,  რომ დაახვიეთ და თავი გამანებეთო… ეს ტიპი მაინც იქაჩებოდა, მექაჩებოდა, გვერდზე მიმათრევდა…  წამოდი და მანქანაში დავილაპარაკოთო, მაინც გამექაჩა,  და იარაღი ამოვიღე და დედას გიტირებთ თუ არ მომეშვებითო…    მაშინვე მოჯდნენ.  დავჯექი მანქანაზე და წამოვედი.“

ნანეტაშვილის თქმით, ის გზის მეორე მხარეს გადავიდა და პატრულს დაურეკა, რათა  მომხდარის შესახებ ეცნობებინა:„ ეს ისე, საქმის კურსში ჩავაყენე.  ვუთხარი, დამახვედრა [კუპრაშვილმა] საცემრად ვიღაცეები და იარაღი რომ ამოვიღე მაგით მომშორდნენო…“

„…იარაღზე მკითხეს და ვუთხარი ჩემი კუთვნილია ტარების უფლებითო, მითხრეს,  თუ ეხლა საშიშროება არ გაქვს პატრულის მოსვლას აზრი არა აქვსო. და თუ ფიქრობთ,  რომ მომავალში გექნება საშიშროება, მაშინ პოლიციაში განცხადებით მიმართეთო… მე ვუთხარი, დაფიქსირება მინდოდაო და ჩვენი საუბარი იწერებაო… აქეთ დასაჭერებია ცოლ ქმარი, წინასწარგანზრახვით მომიწყეს ჩასაფრება და აქეთ ჩივის.“

ნანეტაშვილის განცხადებით, აირექსში  შეხვედრის ინიციატორი თავად ეს ორგანიზაცია იყო, რომელსაც სურს „თრიალეთის“ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში დაბრუნება.

„მე უარს ვამბობდი და ბოლოს დავთანხმდი“, აცხადებს ნანეტაშვილი, რომელიც დასძენს, რომ მისი ტელეკომპანიის ასოციაციაში გაწევრიანება თავად ამ გაერთიანების ხელმძღვანელობას არ სურს.

„ამიტომ მომიწყეს პროვოკაცია“, აცხადებს ნანეტაშვილი.

media.ge წერს, რომ ნანიტაშვილი კუპრაშვილისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი