ხელოვნება

თავის უფალი სახელოსნო

4 აპრილი, 2011 • • 1661
თავის უფალი სახელოსნო

თავისუფალ სახელოსნოში, რომელიც სამხატვრო აკადემიაში დაახლოებით რვა სტუდენტმა შექმნა იმ მიზეზით, რომ მათ არ მოსწონთ სამხატვრო აკადემიაში სწავლის პროცესი, უკვე 40 ადამიანია გაერთიანებული. სწავლის პროცესი უკვე დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუნდეტების ჯგუფმა, კერძოდ კი, 8 სტუდენტმა პროტესტი გამოუცხადა აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მათი თქმით, აკადემია ვერ აძლევს სტუდენტებს საკმარის განათლებას და შანსს, რომ  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი მხატვრებად ჩამოყალიბდნენ.

„ახლა მივედით თავისუფალი სახელოსნოს ფორმამდე, უკმაყოფილება აქამდეც იყო. არ მოგვწონდა საგნები და ლექტორები, თვითონ აკადემიის სისტემა. ისეთი სისტემაა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოდნას ვერ იძლევა. ადმინისტრაციას ვთავაზობდით, რომ თანამედროვე საგნები დაემატებინათ,“ – ამბობს ბექა ჩოფლიანი,  სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი, თავისუფალი სახელოსნოს წევრი.

ამ მიზეზების გამო გადაწყვიტეს შეექმნათ „თავისუფალი სახელოსნო“, სადაც  შეძლებდნენ ისწავლონ ის, რაც სურთ.

გია ბუღაძემ, სამხატვრო აკადემიის რექტორმა, რამდენჯერმე აარიდა თავი „ნეტგაზეთთან“ თავისუფალ სახელოსნოზე საუბარს. ჩვენს კითხვებს ბუღაძემ არ უპასუხა.

„ რას ნიშნავს თავისუფალი სახელოსნო? აქ ყველა თავისუფალია. დარეგისტრირდნენ ოფიციალურად, დაირქვან სახელი და შემდეგ ვილაპარაკოთ“, – ეს ერთადერთი იყო, რაც ბუღაძემ თავისუფალ სახელოსნოსთან დაკავშირებით „ნეტგაზეთს“ უთხრა.

სახელოსნოს პრეზენტაცია 10 მარტს მოეწყო. უკვე დღეს ლექციების კურსი დაიწყეს– ლევან ასაბაშვილმა, გიორგი კევლიშვილმა და სხვებმა. სახელოსნოში სტუდენტებთან ლექციის ჩატარების სურვილი გამოთქვეს ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა და ჟურნალისტმა ნინო არაზაშვილმა.

„მე ვიყავი პრეზენტაციაზე და საინტერესოდ მომეჩვენა ის იდეები, რაც მათ აქვთ. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ სწავლა უნდათ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მე არ მაინტერესებს სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციასთან შეთანხმება. თავისუფალ სახელოსნოში ჩამოყალიბებული ადამიანთა ჯგუფია და მე მათთან ვთანამშრომლობ, ოფიციოზის აზრები არ მაინტერესებს“, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

თავისუფალი სახელოსნოს პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში „აი ტივი“–სთან საუბარში გია ბუღაძემ განაცხადა, რომ სტუდენტები მისი ყოფილი მრჩეველის და აკადემიის ყოფილი ლექტორის, გიორგი კევლიშვილის მიერ იმართებიან.

კევლიშვილი ამ სტუდენტების უმრავლესობის ლექტორი იყო 2009 წლამდე, სანამ მას გაათავისუფლებდნენ.

სახელოსნოს წევრები ამბობენ, რომ სახელოსნოს გახსნა არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ უკავშირდება და  გიორგი კევლიშვილი ზუსტად ისევე ჩაერთო მათ მიერ წამოწყებულ პროცესში, როგორც – ნებისმიერი სხვა მსურველი.

კევლიშვილი სამხატვრო აკადემიის რექტორის, გია ბუღაძის მრჩეველი იყო, ამავდროულად სამხატვრო აკადემიის ლექტორი. მას ვიზუალური ხელოვნების  სახელოსნოც ჰქონდა, აკადემიის ბაზაზე არსებული, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ. თუმცა კევლიშვილს სახელოსნო ორი წლის წინათ დაუხურეს და აკადემიიდანაც გაათავისუფლეს.

ბუღაძე არ საუბრობს კევლიშვილის გათავისუფლების მიზეზებზე. თავად კევლიშვილი კი ამბობს, რომ მას სამხატვრო აკადემიის რექტორთან პირადი უთანხმოება არ ჰქონია. ის ფიქრობს, რომ აკადემიიდან მისი გათავისუფლება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება: კორუფციის გამო ფინანსური პოლიციის აკადემიაში შესვლის შესახებ მის ინიციატივას და ასევე, მისი სახელოსნოს წარმატებას, სადაც სწავლის სურვილი ძალიან ბევრ სტუდენტს ჰქონდა.

„რექტორის მრჩეველის პოზიციაზე ჩემი მუშაობის პროცესში მე ვიყავი საგამოცდო კომისიაში და ფინანსური მონიტორინგის ჯგუფში, რომელმაც მოამზადა დასკვნა, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლეს კანცლერი, ფინანსისტი და ეკონომისტი. ჩემი აზრით, სხვა ადამიანებიც უნდა გაეთავისუფლებინათ და მოვითხოვე ფინანსური პოლიციის შემოყვანა“, – ამბობს კევლიშვილი.

თავისუფალი სახელოსნოს სტუდენტებმა ჯერ კიდევ 2009 წელს არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციას, იმ მიზეზით, რომ გიორგი კევლიშვილი დაებრუნებინათ, თუმცა მათმა სურვილმა შედეგი არ გამოიღო.

რამდენიმე თვის წინ აკადამიის სტუდენტები და თავისუფალი სახელოსნოს წევრები გიორგი კევლიშვილს შეხვდნენ.

„მე ვუთხარი, რომ როცა რაღაც გეკუთვნის და არ გაძლევენ, უბრალოდ, უნდა მიხვიდე და აიღო. ამის შემდეგ დაფიქრდნენ, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს პრაქტიკაშიო, წავიდნენ, იფიქრეს და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. მე ვუთხარი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და რომ მე მათთან ერთად ვიქნები ბოლომდე“, – ამბობს კევლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

კევლიშვილი თავისუფალი სახელოსნოს სასწავლო პროცესში ერთ–ერთ ლექტორია.

„ჩვენი ინტერესი მხოლოდ საგანმანათლებლოა, სხვა ინტერესი ჩვენ არ გვაქვს“,–ამბობს ჩოფლიანი.

თავისუფალი სახელოსნოს წევრობისთვის არ არის აუცილებელი აკადემიის სტუდენტი იყო. არსებული 40 წევრიდან უმეტესობა არ არის სამხატვრო აკადემიის წევრი.

სახელოსნოს აკადემიის შენობაში არსებობა, ასე თუ ისე, კონფლიქტის საგანი შეიძლება გახდეს. თუმცა სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი სწავლაში ფულს  იხდიან და სრული უფლება აქვთ, გამოიყენონ აკადემიის სივრცე განათლების მისაღებად. თავისუფალი სახელოსნოს მიზანი კი სწორედ ეს არის.

თავისუფალი სახელოსნოს წევრების ნაწილი დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. შესაბამისად, ისინი სადიპლომო ნამუშევრებზე მუშაობენ და მათთვის ყოველდღიურ სალექციო კურსებზე სიარული არ არის სავალდებულო.

„ჩვენ, სტუდენტები ვთვლით, რომ რა უნდა ვისწავლოთ და ვისთან უნდა ვისწავლოთ, ჩვენი უფლებაა. ასე რომ, არაფერს განსაკუთრებულს ჩვენ არ ვაკეთებთ, სხვებს თუ ეს ცუდად ხვდებათ, ეს არ არის ჩემი ბრალი“, – ამბობს თავისუფალი სახელოსნოს წევრი ბექა ჩოფლიანი.

თავისუფალი სახელოსნო
თავისუფალი სახელოსნო

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი