ხელოვნება

“პანორამა თბილისი” – უხეში ჩარევა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში?

27 მარტი, 2014 • • 5761
“პანორამა თბილისი” – უხეში ჩარევა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში?

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების, “ტფილისის ჰამქრის” წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ქალაქის განვითარება კონკრეტულ საინვესტიციო გეგმას ერგებოდეს, მაშინ, როცა თბილისში არ არსებობს განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც ინვესტორს განუმარტავს, თუ რომელ უბანში რა ტიპის შეზღუდვები არსებობს.

“ეს ტრადიცია ამ ბოლო პერიოდში გვქონდა და ამ ტრადიციას ყველანი ერთად ვაპროტესტებდით. იგივე მეორდება ახლა. პრობლემის არსი მდგომრეობს იმაში, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს დედაქალაქს არ აქვს განვითარების ლოგიკა. არ აქვს ერთიან რეგულაციები, ერთიანი განვითარების ხედვა. ასე ქაოტურად, ზოგჯერ კორუფციული გარიგებებით, ზოგჯერ პრეზიდენტის ხუშტურებით პროცესები მიმდინარეობს”, – ამბობს ელისაშვილი

“თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას.

 

პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ფონდი ხაზს უსვამს იმას, რომ მრავალფუნქციური კომპლექსები ხელს შეუწყობს თბილისში საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას და კიდევ უფრო მიიზიდავს ტურისტებს. ფონდის ინფორმაციით, მათ ჩაატარეს კვლევა და გაეცნენ თბილისში ტურისტების ზრდის სტატისტიკას.

“ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდება გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით. პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ 4 მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. ხსენებული უპირატესობების გათვალისწინებით აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს”,- აცხადებენ “თანაინვესტირების ფონდში”. 

“პანორამა თბილისი” მწვანე პროექტად შეაფასა თავად ფონდის დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვლმა, რადგან პროექტის ფარგლებში 3 600 ძირი ხე დაირგვება. ამის გარდა, დადგეგმილია 1800 ავტომობლიზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომების აშენება. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარია.

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა 24 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ “პანორამა თბილისის” პროექტს მხოლოდ თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს, თუმცა ისინი მზად არიან სხვა ინვესტორებთანაც ითანამშრომლონ პროექტის განხორცილეებისას. მისივე თქმით, ფონდმა შეისყიდა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც პროექტის ნაწილი უნდა განხორციელდეს.

ელისაშვილს აინტერესებს, რატომ უნდა აშენდეს ყველაფერი ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც ისტორიულად და არქიტექტურულად ჩამოყალიბებულია და არა თბილისის იმ ნაწილში, რომელიც განვითარებას საჭიროებს და ასეთი პროექტი ხელისშემწყობი იქნებოდა.

“ერთმნიშვნელოვნად გრძელდება ძველი მთავრობის დროს არსებული ტენდენცია”,- ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, საკითხის განხილვა საჯარო უნდა ყოფილიყო და საზოგადოება უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროექტის განხილვაში. მას მიაჩნია, რომ ისტორიულ უბნებში მშენებლობის დროს ღია ტენდერის საშუალებით უნდა ირჩეოდეს კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს.

არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი ამბობს, რომ ძნელია მხოლოდ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ისაუბრო პროექტის შესახებ, თუმცა მათზე დაკვირვებით შესაძლებელია შენობების მასშტაბურობის გარკვევა, რომელიც ზაზანაშვილს პრობლემურად მიაჩნია. მისი აზრით, გაუმართლებელია ის, რომ ქალაქის ისტორულ ნაწილში შენდება მრავალფუნქციური შენობები, ხოლო კულტურული მემკვიდროება არის მძიმე მდგომარეობაში და არ ხდება მისი ინვესტირება.

“გაუგებარია ქალაქის ისტორიულ ნაწილში მრავალფუნქციური ცენტრების გაჩენა, რა კვლევას ეფუძნება, რა გაანგარიშებებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. ისევ და ისევ ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც თავიდანვე არასწორია”,- ამბობს ზაზანაშვილი. 

ზაზანაშვილის თქმით, პროექტი, არქიტექტურის გარდა, აზიანებს ლანდშაფტურ ზონას, რომელიც თბილისის არქიტექტურასთან ერთად ქმნის ქალაქის სახეს.

“ასეთი მრავალფუნქციური კომპლექსების ნახვა მათ შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენ თუ ამ მთლიანობასა და ნეტნაკლებად შემორჩენილ პირველადობასა და ორიგინალურობას დავარღვევთ, თბილისი დაკარგავს თავის ღირებულებას და იმ ტურისტისთვის არაფერი დარჩება სანახავი”, – ამბობს ზაზანაშვილი. 

ხელოვნებათმცდონე მაკა დვალიშვილს მიაჩნია, რომ პროექტი არ არის შეთანხმებული ლანდშაფტთან, პროექტიდან ქართული სტილი და ქართული თვითმყოფადობა არის ამოვარდნილი და პროექტის მასშტაბურობა არ შეეხამება თბილისის ისტორიული ნაწილის მასშტაბს.

დვალიშვილის თქმით, ე.წ. ცეკავშირის შენობა, რომელიც ამ ადგილას დგას, არ არღვევს მოედნის მასშტაბურობას, ხოლო მის ადგილას ასაშენებელი შენობის სართულიანობა და მოცულობა გაზრდილია, რაც, მისი აზრით, წმინდა გიორგის სვეტთან ერთად მერიის შენობას გადაკვეთავს და ჩრდილავს ისტორიულ თბილისს. 

დვალიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში დაწყებული მშენებლობების შედეგად დიდი მასშტაბის მქონე შენობები “ჭამს” ქალაქის ისტორიულ სახეს, რადგან ისინი დომინანტური ხდება. დვალიშვილი განმარტავს, რომ შემინული შენობები არის მისასალმებელი ინოვაცია ქართული არქიტექტურისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი სწორად არის შერჩეული. 

ხელოვნებათმცოდნის აზრით, ახალი შენობები დომინანტური ხდება და “მაქსიმალურად ჭამს იმ რეალურ ღირებულებას, რასაც თბილისის არქიტექტურა წარმოადგენს. გვინდა თუ არ გვინდა, თვალი გარბის იმისკენ.”

დვალიშვილი იწუნებს “სოლოლაკის მაღლობის” პროექტს, რომელიც, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის გაგრძელებაა და არღვევს თბილისის იერსახეს. ამასთანავე, ის არ ეთანხმება აზრს, რომ მწვანე პროექტია. 

“ხეები იქ ისედაც არის დარგული, სადაც არ არის, იქ დარგონ. რეალურად გამწვანების ზონა ისედაც არსებობს”,- ამბობს დვალიშვილი.

 

გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, პროექტს უახლოეს დღეებში თბილისის მერიაში განსახილველად წარადგენენ და ცვლილებებსაც შეიტანენ საჭიროების შემთხვევაში. მერიას, რომელმაც უნდა დაამტკიცოს პროექტი, არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი პროექტის შესახებ, რადგან დოკუმენტი არ უნახავს, ხოლო მიღების შემდეგ, მერიის პრესსასამხურის განცხადებით, ფართო განხილვის საგანი გახდება. 

 

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგს მერიის სამსახურებთან ერთად კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოც ახორციელებს. სააგენტო მერიის მსგავსად თავს იკავებს კომენტირებიგან, რადგან მის სპეციალისტებს პროექტის დოკუმენტი არ უნახავს. 

 

თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, სოლოლაკის მაღლობი რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს, რაც მისი დაცვის სტატუსს განსაზღვრავს. ხოლო თავისუფლებისა და ერეკლე მეორეს მოედნები ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობენ და დადგენილია ზღვრული ნორმა, რომ 4-5 სართულიანი შენობებზე მაღალი შენობების აშენება დაუშვებელია, თუმცა საქართველოს სამშენებლო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას, რომ ფულის გადახდის შემთხვევაში დამკვეთმა გაზარდოს სართულების რაოდენობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი