ხელოვნება

ვარსკვლავები გვიღიმიან – ბერლინალე 2014 დაიწყო

7 თებერვალი, 2014 • • 1608
ვარსკვლავები გვიღიმიან – ბერლინალე 2014 დაიწყო

ბერლინალეს პირველ დღეს განსაკუთრებით ბევრი ვარსკვლავი დასეირნობს “პოცდამერზე”. გარდა იმისა, რომ ისინი ძირითადად “გრანდ ჰაიატ ჰოტელში” მოათავსეს, ბერლინალეს გახსნის ფილმსაც ესწრებიან, რადგან მათი უმეტესობა “გრანდ ბუდაპეშტ ჰოტელში” თამაშობს ვეს ანდერსონის ფილმში, რომელიც ფესტივალის ოფიციალურ კონკურსშია ჩართული. 

 

ვეს ანდერსონი უყვართ დიდ ფესტივალებზე. განსაკუთრებით მისი ფილმების ჩვენება ფესტივალის გახსნაზე უყვართ. შეგახსენებთ, რომ მისმა ფილმმა “სავსე მთვარის სამეფო” კანის 2012 წლის ფესტივალი გახსნა. მიზეზი მარტივია, ფესტივლებს უყვართ ვარსკვლავები, მით უმეტეს, თუ ერთ ფილმში ჰოლივუდის 20-მდე ვარსკვლავია. უყვართ, როდესაც ფესტივალის გახსნაზე მსოფლიო ყურადღება მათი წითელი ხალიჩისკენ არის მიმართული.

 

ამიტომ ოფიციალური ჩვენებიდან, რომელიც “ბერლინალე პალასში” გაიმართა და ყველა ეს ვარსკვლავი ჟიურის წევრებთან ერთად ისხდნენ ფილმის საყურებლად, კინომცოდნეები და პრესის თანამშრომლები უკან გამოგვაბრუნეს და სინემაქსისკენ მიგვითითეს, სადაც ადგილებს ისევ ის ხუჭუჭთმიანი გოგო ითვლიდა, შარშან და შარშანწინ რომ იყო. არკვევდა, ყველა მოთავსდა თუ არა?

ფილმი დაიწყო და პერსონაჟი, მწერალი, რომელიც შტეფან ცვაიგს გავს (ფილმის ბოლოში ვიგებთ, რომ ფილმი ამ მწერალს ეძღვნება), თომას მანის `ჯადოსნური მთის’’ მსგავს ისტორიას გვიყვება. 1985 წელი, მწერლის ახალგაზრობა, რომლის როლსაც ჯუდ ლოუ თამაშობს, დასასვენებლად “გრანდ ჰოტელ ბუდაპეშტში” ჩადის. ამ პერიოდისთვის სასტუმრო აღმსავლეთ გერმანიას ეკუთვნის და სახალხო მფლობელობაშია.

 

ზემოთ აღნიშნული მწერლების სტილში პერსონაჟი აბაზანებს იღებს, ტკბება ბუნებით და სასტუმროს ამბების გასაგებად, ადამიანების ისტორიების მოსასმენად, კონსიერჟს უმეგობრდება. იგი ყოფილი კონსიერჟისკენ, ზერო მუსტაფასკენ მიუთითებს და ზერო მუსტაფაც ინიციატივით გამოვა, მოყვეს ისტორია სასტუმროზე, რომელშიც მთელი ახალგაზრდობა გაატარა.

 

და აქედან იწყება კარნავალი, გართობა, სადაც მარტო ვარსკვლავები, ელიტა იღებს მონაწილეობას- პირველი კონსიერჟი რალფ ფაინსი, ქალების მოყვარული, რომელმაც ზერო მუსტაფა აღზარდა; კანონიერი ქურდი ჰარვეი კეიტელი, ვარსკვლავისა და შიშველი ქალების სვირინგებით; ტილდა სვინტონი, რომელიც 82 წლის ქალბატონ დ. –ს კოსტუმშია გამოწყობილი; ედრიენ ბროუდი, და უილიამ ვილსონის სპექტაკლების კოსტუმებში გამოწყობილი ვარსკვლავები- დაქირავებული მკვლელი უილიამ დეფო, ტყავის ქურთუკში, რკინის კბილებით და კასტეტით ხელზე, ექსპრესიონისტული ფილმებიდან ედვარდ ნორტონი, ვაიმარის რესპუბლიკის ინსპექტორის ფორმაში გამოწყობილი, ბილ მიურეი, სხვა სასტუმროს კონსიერჟი და ა.შ.

 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დარბაზმა ჯერ სიცილი დაიყო, როდესაც ვარსკვლავები ასე ხაზგასმულად განსხვავებულ ფორმაში იხილა. ხან ერთი ვარსკვლავის გამოჩენაზე ვიცინოდით, ხან – მეორის. ბოლოს მოგვწყინდა და სიჩუმემ დაისადგურა, მით უმეტეს, რომ ფილმის იუმორიც, რომელიც კომედიად არის ჩაფიქრებული, წინასწარ გასაგები იყო – წინასწარ იცოდი, რას უპასუხებდა ერთი ვარსკვლავი მეორეს, იმისთვის, რომ ეპიზოდი სასაცილო ყოფილიყო, იცოდი რას მოიმოქმედებდა ესა თუ ის პერსონაჟი ხალხის გასართობად.

 

ბოლოს უკვე აღარც ფილმის გამოსახულება და ისტორია იყო საინტერესო, როგორ დაუტოვა მადამ დ-მ რალფ ფაინსის პერსონაჟს მთელი ქონება და რა შეუკვეთა ედრიენ ბროუდიმ, რომელიც მოგვიანებით ნაცისტური “ესესის” მაგვარი ორგანიზაციის მეთაური გახდება. მოგვწყინდა გამოსახულება, რომელზეც ნამდვილად ბევრი დროა დახარჯული და უამრავი თანამედროვე ეფექტია გამოყენებული ვაიმარის პერიოდის გერმანიის პირობითად ასახვისთვის; კოსტუმები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი და ხარისხიანად შესრულებული.

 

საბოლოო ჯამში, არც ფერი იცვლებოდა, არც გამოსახულება, ყველაფერი იმ ტკბილეულივით ფერადი და მოსაწყენი იყო, რომლსაც ფილმის “გრანდ ოტელ ბუდაპეშტის” მიხედვით, იქვე, სასტუმროში აწარმოებდნენ. მოგვწყინდა ელიტური კარნავალის ყურება და გავჩუმდით, ზოგმა დაიძინა, ზოგმა ხვრინვა დაიწყო, ტელეფონებს დახედეს. დასრულდა ფილმი და ფინალური ტიტრების დროს, რომელზეც რუსული ხალხური მუსიკა დაიწყო ბალალაიკის თანხლებით, მივხვდი, რომ სინამდვილეში არც ის ისტორია, არც ის სასტუმრო, ის ვარსკვლავებიც კი არ აღელვებს რეჟისორს, რომელმაც ეს ფილმი გადაიღო.

 

უბრალოდ, როგორც ეს მუსიკა, ისე ყველა დეტალი, ყველა მსახიობი, ყველა ისტორია იმისთვის იყო, რომ ვიღაცას რაღაც გახსენებოდა, რაღაც ეცნო. ზოგმა შილეს ნახატი იცნო და გაუხარდა, ზოგს სიუჟეტმა გაახსენა რომელიღაც ლიტერატურული ნაწარმოები, ზოგმა ფილმის დადგმული კარდი (რომელიც უხვად არის და ხშირ შემთხვევაში თეატრს გვაგონებს) შეადარა რომელიმე 20-იანი წლების ექსპრესიონისტულ ფილმს, და ეს ყველა დეტალი ნაცნობი, იმდენად ნაცნობი იყო, რომ საინტერესოც არ არის.

ასე ჩუმად და ტაშის გარეშე დავტოვეთ რუსული ბალალაიკის ფონზე სინემაქსის დარბაზი და ასე მდიდრულად, ვარსკვლავებით გაიხსნა ბერლინის 2014 წლის კინოფესტივალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი