ხელოვნება

“საყდრისის ოქროს მაღაროს” არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა

9 ოქტომბერი, 2013 • 1882
“საყდრისის ოქროს მაღაროს” არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა

2006 წლის 17 ივლისის ბრძანების მიხედვით, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს” არქეოლოგიური დაცვის ზონა შეუქმნეს, რაც გულისხმობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის. 

 

“საყდრისის ოქროს მაღაროს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურის მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებით მოუხსნა. ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ “RMG Gold”, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებდა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არ წარმოადგენდა ოქროს მაღაროს და მისი მნიშვნელობა გაზვიადებული იყო.

 

“RMG Gold” ამტკიცებდა, რომ საყდრისის ტერიტორიაზე წარმოებული ოქროს მოპოვებითი სამუშოების შედეგად 8 წლის განმავლობაში 100 მილიონი ლარს შეიტანს ქვეყნის ბიუჯეტში. საყდრისის მაღარო კი სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობს. 

 

საყდრისი
საყდრისი

ივანიშვილმა კულტურის სამინისტროს საკითხის შესწავლა სთხოვა. კულტურის სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელმაც საყდრისის საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ საყდრისი ოქროს მაღარო არ იყო. კულტურის მინისტრის ბრძანებით საყდრისს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი 1 ოქტომბრამდე შეუნარჩუნდა. 

 

1 ოქტომბერს ივანიშვილმა საყდრისის მკვლევრებსა და “RMG Gold”-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პრემიერ- მინისტრის კანცელარიის გავრცელებული ინფორმაციით, საყდრისის საკითხი კომისიას უნდა შეესწავლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი