ეკონომიკა

არველაძე: აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გათიშვის ბერკეტი აქვს

19 იანვარი, 2015 • • 2879
არველაძე: აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გათიშვის ბერკეტი აქვს

ენგუერჰესი ეს არის მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი. ერთ ადგილზე არის  წყალსაცავი, მეორე ადგილზე არის სამანქანო დარბაზი. 14 კილომეტრია ამ ორ ობიექტს შორის. აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გათიშვის ბერკეტი აქვს. ამის მიუხედავად, არ შეიძლება, რომ გაიყოს ეს ობიექტი და ითქვას, რომ ერთი  ვიღაცის საკუთრებაა და მეორე ვიღაცის. ენგურჰესი არის საქართველოს საკუთრება. საკუთრების საკითხზე აფხაზურ მხარესთან  მოლაპარაკება არ უნდა მოხდეს“ – აცხადებს რევაზ არველაძე.  


“ენგურჰესისის” წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია. ჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან მილიარდზე მეტი კილოვატ საათი ელექტროენერგია აფხაზებს უფასოდ მიაქვთ:” ჰესის მიერ გამომუშავებეული ელექტროენერგიის 40% აფხაზურ მხარეს უფასოდ მიაქვს. ამ საკითზე ოფიციალური ხელშეკრულება არ არსებობს, ეს ხდება მხარეებს შორის 1997 წელს მიღებული ზეპირი შეთანხმების შედეგად. თუ აფახაზები ჰესის გათიშვაზე იფიქრებენ, მაშინ შეგვიძლია ჰესის ფარები ჩაიკეტოს და არ მოხდეს ენგურიდან წყლის მიწოდება, მაშინ აფხაზეთი ენერგომომარაგების 100% -ს დაკარგავს. რა თქმა უნდა, საქართველოც დაზარალდება”-აცხადებს არველაძე.

 

რატომ ითხოვს აფხაზური მხარე “ენგურჰესის” საკუთრებაში გადაცემას და ვინ მართავს დღეს ენერგოობიექტს?

 

“ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ 2015 წლის  15 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენგურჰესის სამართლებრივი კუთვნილების საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებია დწყებული:

 

“ჩვენ ჩავატარებთ ინვენტარიზაციას, შევაფასებთ ობიექტს, დავსვამთ ბალანსზე, მაგრამ ამით რა შეიცვლება? არაფერი! ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებით და ეს უკვე დაწყებულია. ჩემი პოზიცია და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა – გადავწყვიტოთ ეს საკითხი ცივილიზებულად, პოლიტიკური რეალიებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს რიგი შეთავაზებებისა ქართული მხარისადმი და ეს საკითხები პოლიტიკის მიღმაა. ჩვენ ადეკვატურ პასუხს ვიმედოვნებთ”, – განაცხადა ბასარიამ.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 16 იანვარს ასლან ბასარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა:

 

“ენგურჰესის ოპერირების შესახებ  აფხაზური მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების   პასუხად  კატეგორიულად უარვყოფთ  რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს . “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას .  კიდევ ერთხელ   შევახსენებთ  ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ  პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს. 

აღვნიშნავთ, რომ ენგურჰესის ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც  განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს  ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ენგურჰესის  ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა.”

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით “ენგურჰესის” 100% საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ფლობს. “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს, როემლიც სამი წევრისაგან შედგება, ლევან მებონია ხელმძღვანელობს.

 

“ენგურჰესის” მართვა 2008 წელის 31 დეკემბერს დადებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია “ინტერ რაო-ეეს” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივად უნდა განეხორციელებინათ. 

 

რუსული კომპანიის ვებ-გვერდზე 31 დეკემბერს განთავსებული განცხადების მიხედვით მემორანდუმს ხელი “ინტერ რაო-ეეს”-ის თავმჯდომარემ ევგენი დოდმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა თბილისში მოაწერეს ხელი.

 

ამ განცხადების მიხედვით, ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, ენგურჰესის “ეფექტიანად ექსპლუატაციის” მიზნით უნდა შეიმუშავონ არანაკლებ 10-წლიანი პროგრამა.

 

საქართველოში რუსული კომპანია ფლობს თბილისის ენეგროგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს; ასევე, მე-9 და მე-10 ენერგობლოკებს. რუსული კომპანიის მართვაშია ჰიდროელექტროსადგურები – ხრამი I და ხრამი II.

 

საქართველოს ენერგეტიკის აკედემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ მემორანდუმს  ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო შემდგომი ხელშეკრულება აღარ გაფორმდა: “მე რა ინფორმაციაც მაქვს, მემორანდუმი არ ამოქმედდა. არც გასაჯაროვდა. როგორც ჩანს, იქ იყო ისეთი დეტალები, რაც საზოგადოებას არ უნდა სცოდნოდა. მიმაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტები უნდა იყოს გასაჯაროებული.”

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” აღნიშნული მემორანდუმის გასაჯაროების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა შესაბამისი უფლება ვერ მიიღო. საკითხს იკვლევდა გაზეთი “რეზონანსი”, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრომ დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე უარი უთხრა.  

 

2008 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინიტრ ალექსანდრე ხეთაგურსა და “ინტერ რაო-ეეს”-ის თავმჯდომარე ევგენი დოდს შორის “ენგურჰესის” მართვის შესახებ დადებული მემურანდუმი არც ახალი მთავრობის პირობებში გასაჯაროვდა. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე 2013 წლის იანვარში იმყოფებოდა გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სადაც ენგურჰესის ელექტროსადგური მდებარეობს. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ “ინტერ რაოსთან 2008 წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში არ შესულა. შესაბამისად, გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში მხოლოდ დამატებით უსაფუძვლო კითხვებს გააჩენს.”

 

“ჰიდროელექტროსადგური აფხაზეთის ომმა ორ ნაწილად გაყო. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – წალენჯიხის რაიონშია, ელექტროსადგურები და ვარდნილჰესების კასკადი კი – გალის რაიონში. 1300 მეგავატი ჯამური სიმძლავრის ჰესის გამართული ფუნქციონირებით დაინტერესებულია როგორც თბილისი, ისე სოხუმი. ომის დასრულების შემდეგ მხარეები ამ საკითხში თანამშრომლობენ” – ამბობს რევაზ არველაძე.  

ენგურჰესის წყალსაცავი და კაშხალი
ენგურჰესის წყალსაცავი და კაშხალი

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი