ეკონომიკა

“მადნეულის” და “კვარციტის” ახალი მფლობელები რუსეთიდან

20 ივნისი, 2012 • 3073
“მადნეულის” და “კვარციტის” ახალი მფლობელები რუსეთიდან

ტროიცკი და კორჟევი თანაკურსელები არიან. მათ ლენინგრადის გემთმშენებელი ინსტიტუტი დაამთავრეს. ისინი ბიზნესპარტნიორები 1993 წელს გახდნენ, როცა პირველი კომპანია “მეგა ავტო” შექმნეს.  1995 წელს მათ დააფუძნეს წვენების მწარმოებელი კომპანია “მულტონი”.  2002 წელს კი– ჰიპერმარკეტების ქსელი “ოკეი”, რომელიც მათ კაპიტალში ყველაზე ცნობილი აქტივია. 

 

ორივე ბიზნესმენი ფლობს კომპანია “ნევა რუსში” წილს. ეს კომპანია “სანკტ–პეტერბურგის” ბანკში აქციებს ფლობდა. თუმცა  2009 წელს “ნევა რუსის” მფლობელებმა, კორჟევმა  და ტროიცკიმ ბანკის აქციები გაყიდეს.

 

დიმიტრი კორჟევი
დიმიტრი კორჟევი

კომპანია “ნევა რუსი” სომხეთში სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს. ამ ბიზნესის გასავითარებლად კომპანიამ სომხეთში 2012 წელს 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

 

კომპანია “ნევა რუსი”  “კაპიტალ ჯგუფის” შემადგენლობაშია, რომელმაც “ჯეოპრომაინინგისგან” 2012 წლის 14 ივნისს კომპანია “მადნეული” და  “კვარციტი” იყიდა.  საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლის 7 ივნისს დიმიტრი ტროიცკი, კრების ოქმის თანახმად, “მადნეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.  

 

“ჯეოპრომაინინგის” ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, “მადნეული” და “კვარციტი” 120 მილიონ დოლარად გაყიდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, “მადნეულში” და “კვარციტში” აქციების რა მოცულობა იყიდეს ტროიცკიმ და კორჟევმა. 

 

დიმიტრი ტროიცკი
დიმიტრი ტროიცკი

“მადნეულისა” და “კვარციტის” საბადოებზე ლიცენზიას 2014 წლის აპრილამდე კომპანია “ჯეოპრომაინინგი”  ფლობს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით,  ამ საბადოებზე ლიცენზია 2012 წლის  29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა.

 

27–წლიანი ლიცენზია კომპანია Mining Investments LLC –მა მოიპოვა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

 

კომპანია საქართველოში 2012 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა – დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.

 

Mining Investments LLC –ის 100%-იანი წილის მფლობელი ალვიდას ბრუსოკასია, ლიტვის მოქალაქე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი