ახალი ამბები

გადაუხადა თუ არა ივანიშვილმა ბედუკაძეს 2 მილიონი დოლარი?

24 სექტემბერი, 2012 • 1149
გადაუხადა თუ არა ივანიშვილმა ბედუკაძეს 2 მილიონი დოლარი?

“კომპრომატების ომს ვერ დავარქმევ მე ამას, თქვენ რა, კომპრომატი გგონიათ ის, რაც აჩვენეს, ან ჩვენი გამოქვეყნებული იყო? ის, რაც ტელევიზიებმა აჩვენეს, სად ნახეთ ჩვენი კოალიციის წევრი? ეს იყო რეალობა, ის რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ და თავი მოგვეჭრა. ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, უნდათ აქცენტი ჩვენზე გადმოიტანონ და არაფერი გამოსდით და სასაცილოები ხდებიან. მერაბიშვილს მაინც ვერ ვპატიებ, ასეთი სისულელე რომ თქვა, – გაჩერდით, თორემ მოვლენ ესენი და იმ მწამებლებს ხელისუფლებაში მოიყვანენო. 

 

რაც შეეხება შეკითხვას, გადაუხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ან მისი გუნდის წევრმა 2 მილიონი დოლარი ვლადიმერ ბედუკაძეს, ივანიშვილმა უპასუხა: “აბსოლუტურად აბსურდულია, უსაფუძვლოა ეს”. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს, გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის 2 მილიონი აშშ დოლარი აქვს მიღებული. 

 

გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება ამბობს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები აქვს, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. 

 

დღეს კი შსს-მ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პოლიციელების მოსყიდვის მცდელობაა აღბეჭდილი, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ივანიშვილი ძმისშვილი მონაწილეობდა. ამის თაობაზე ივანიშვილი პასუხობს:

 

“იქ ჩემი ძმისშვილი ჩაურთავთ, ის ჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მაგრამ იმდენად არასერიოზულია თვითონ, რომ მე მას ვერც ერთი სამსახური ვერ მივეცი და ვერ ვანდე მას და ახლა უეცრად, თურმე ფულის დარიგება და კოალიციის მოსყიდვა დავავალე, ვერც ერთ სამსახურში ვე გავაჩერე, ძალიან კი მიყვარს, ჩემი ძმისშვილია, მაგრამ არასერიოზულია ძალიან, მაგრამ ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს, შესაბამისად, კომპრომატები, რომ თურმე ჩემს ძმისშვილს ვავალებ, რომ როგორმე პოლიციელები მოისყიდოს და ფულები დაურიგოს, ნუ ეს აბსურდია… ჩვენ არავის მოსყიდვას არ ვაპირებთ, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება ჩვენთან”.

 

ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს დღეს, 24 სექტემბერს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში უპასუხა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი