ხელოვნება

ქართული ვიდეოხელოვნების გამოფენა “აღწერები”

24 თებერვალი, 2014 • • 1567
ქართული ვიდეოხელოვნების გამოფენა “აღწერები”

გამოფენის მომზადებამდე დამოუკიდებელი პლატფორმის “აქტივი კულტურისთვის” მიერ განხორციელდა ქართული ვიდეოხელოვნების კვლევა და ელექტრონული არქივისთვის ნამუშევრების შეგროვება-დოკუმენტაცია, რომელიც განთავსებულია ინტერნეტსივრცეში ვებ გვერდზე www.videoimage.ge

 

ელექტრონული არქივი მოიცავს 80 ქართველი არტისტის 400-მდე ვიდეონამუშევარს, შესაბამისი კატეგორიზაციითა და ქრონოლოგიით. გამოფენის დასრულების შემდეგ, 2014 წლის აპრილის ბოლოს გამოიცემა პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგად დამუშავებული ტექსტური მასალა, ასევე, 5 სხვადასხვა ავტორის ხედვა ქართულ ვიდეოხელოვნებასთან მიმართებაში.

 

ორგანიზატორების განცხადებით, ტერმინი “აღწერები” გულისხმობს ობიექტურ, ცხად სიმართლეს/რეალობას, რომელსაც აღწერს ქართული ვიდეოხელოვნება, როგორც დამოუკიდებელი მედიუმი, რომელიც, ამავდროულად, მოიცავს რეალობის აღწერის მისთვის დამახასიათებელ სუბიექტურ და ალერნატიულ ხედვას.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი კონტექსტუალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი რეტროსპექტივის პირობებში, გამოფენა “აღწერები” მიზნად ისახავს, მეტნაკლებად ობიექტურად ასახოს ქართული ვიდეოხელოვნების განვითარების 23-წლიანი გზა, წარმოდგენილი ოცდაერთი ხელოვანის ნამუშევრით”.

 

გამოფენაში მონაწილეობენ ანა მარტიაშვილი, ანა ჩადუნელი, გეგი ხაბურზანია, გიო სუმბაძე, დიმიტრი ცუცქირიძე, ვასილ მაჭარაძე, ვატო წერეთელი, თამარ მაღლაფერიძე, თამარ ჩადუნელი, თემო ჯავახიშვილი, იარე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, კოკა ვაშაკიძე, კოსტანტინ მინდაძე, ლევან ჭოღოშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ნინო სეხნიაშვილი, სოფია ტაბატაძე, თეონა ჯაფარიძის არქივი.

მასალების გადაბეჭდვის წესი