ახალი ამბები

შაშკინი: გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, მარტო გავიქცეოდი

7 მარტი, 2013 • • 1308
შაშკინი: გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, მარტო გავიქცეოდი

“მე მქონდა ქვეყნიდან წასვლის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. მე რომ გასაქცევი სიტუაცია მქონოდა, მარტო გავიქცეოდი და ოჯახს თან არ წავიყვანდი”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისი თქმით, 17 წლის ასაკიდან მუშაობდა, გარდა ამისა, გაყიდა ავტომობილი და არ გასჭირვებია აშშ–ში ოჯახთან ერთად დაექირავებინა ორსაძინებლიანი ბინა და ეს არ ყოფილა მდიდრული აპარტამენტები.

 

როგორც შაშკინი ამბობს, 5 თვის შემდე საქართველოში იმიტომ დაბრუნდა, რომ “სიტუაცია უფრო მეტად არის დაწყნარებული და ადამიანები უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ”.

 

ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის გასცეს ნებისმიერ კითხვას პასუხი, იქნება ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, პროკურატურა თუ მედია. 

 

“საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, კანონის წინაშე მე ვალდებული ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი”, –ამბობს დიმიტრი შაშკინი, რომელმაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 8 თვე იმუშავა, განათლების მინისტრად – 3 წელიწადი, თავდაცვის მინისტრად კი – 3 თვე.

 

დიმიტრი შაშკინმა მისი მინისტრობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა: “მე როდესაც ვიყავი ციხეების მინისტრი, მაშინ ომბუდსმენი იყო სოზარ სუბარი,  ისეთი სისტემური დარღვევები და ისეთი ფაქტები, რაც სკანდალურ კადრებში ჩანდა, არ ფიქსირდებოდა. ჩემთვის ეს იყო ადამიანური კატასტროფა, როცა ეს კადრები ვნახე. 4 წლის წინ ვიყავი მინისტრი და საიდან უნდა მცოდნოდა ამ ფაქტების შესახებ?” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე განცხადებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის დროს ციხეებში მთავარი სისტემა იყო გადატვირთულობა და ამისგან გამოწვეული პრობლემები. 

 

დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა თავდაცვის სამინისტროში მისი სამთვიანი მოღვაწეობის პერიოდზეც. როგორც თავად განმარტავს, სამინისტროში ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად ვერ შეძლო სიტუაციის შესწავლა, რადგან ამ პერიოდს დაემთხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა: ლოპოტის სპეცოპერაცია, ავღანეთში ქართველო სამხედროების როტაცია, კახეთის სტიქია დ ა.შ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ მას კითხვები გაუჩნდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არსებულ დეფიციტსა და რუსული წარმოების იარაღზე, თუმცა ბაჩო ახალაიასგან მან ამ საკითხებზე მიიღო ამომწურავი პასუხები.

 

“მან ამიხსნა, რომ ეს დეფიციტი გამოწვეული იყო არა თანხის გაფლანგვით, არამედ სამომავლოდ აღებული ვალდებულებებით და თუ სამინისტრო ამ მომსახურებებში თანხას არ გადაიხდიდა, მომსახურებასაც ვერ მიიღებდა”, – ამბობს შაშკინი. მისივე თქმით, რუსული წარმოების იარაღი ნაყიდი იყო რეზერვისტებისთვის, რადგან მათი უმრავლესობა კარგად იცნობს ამ ტიპის აღჭურვილობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი