ახალი ამბები

საქართველო სუნთქვას იკრავს – თომას დე ვაალის სტატია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

28 სექტემბერი, 2012 • 1448
საქართველო სუნთქვას იკრავს – თომას დე ვაალის სტატია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ეს ხალხი ქუჩაში იმ შოკის მომგვრელმა ვიდეოჩანაწერმა გამოიყვანა,  რაც ორი ოპოზიციური სატელევიზიო არხით გადაიცა და თბილისის ციხეებში პატიმართა სისტემატიურ შეურაცხყოფას ასახავდა. ერთი კლიპი, რომელიც  პატიმარი მამაკაცის ცოცხით გაუპატიურებას გვიჩვენებდა, განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო კონსერვატიული საზოგადოებისათვის. ქვეყნის ციხეებში არსებული შემზარავი პირობების ამბავი წლების წინ იცოდნენ ქართულ ოჯახებში. საქართველო ამჟამად ევროპაში პირველობს თითო სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. ქვეყანაში 24.000  პატიმარია, რაც ოთხჯერ აღემატება 2004 წლის მონაცემებს, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი ვადით აირჩიეს პოსტზე. საქართველოს ხელმღვანელობა დიდი ხანია ანგარიშს არ უწევს ციხეში არსებულ სისასტიკეს და ამის ნაცვლად ამაყად გაჰყვირის პოლიციის რეფორმასა და  „დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის“ წარმატებულ  პოლიტიკაზე.

ახლა კი გამოაშკარავდა, როგორ ცდებოდნენ ისინი, თანაც ეს ყველაზე ცუდ დროს მოხდა: 13 დღით ადრე 1 ოქტომბრისთვის დაგეგმილი, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე  საპარლამენტო არჩევნების წინ.

სააკაშვილმა სწრაფი რეაგირება მოახდინა ზიანის მასშტაბების მოსათოკად. თანამდებობიდან გადადგა  გავლენიანი ბაჩო ახალაია, 31 წლის  თავდაცვის მინისტრი, რომელიც სულ ორი თვე იმყოფებოდა პოსტზე. პენიტენციური სისტემის მინისტრად დაინიშნა ომბუდსმენი, რომელიც კარგა ხანია სრულიად ამაოდ  ამახვილებდა ყურადღებას იმ საგანგაშო მდგომარეობაზე, რაც ციხეებში იყო.  თუმცა, ამის შემდეგ პრეზიდენტის მესიჯი უფრო გაუგებარი გახდა. ცხადია, რომ ვიდეოების გავრცელება ოპოზიციასთან დაახლოებული პირის გაკეთებულია, რომელმაც ისეთი დრო შეარჩია, რომ მთავრობა  კუთხეში მიეყენებინა, მაგრამ სააკაშვილმა თავდასხმის არადამაჯერებელი სტრატეგია აირჩია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს გადასწვდა. პრეზიდენტმა ხალხთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვიდეოების გამომჟღავნება არჩევნების წინ მოსკოვის მიერ ორკესტრირებული, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების გეგმის ნაწილი იყო,  რომლის მიზანიც საქართველოს „უკან, რუსეთის იმპერიულ სივრცეში“ იძულებითი დაბრუნებაა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „შოკირებული“ და „ძალიან გაბრაზებული“ იყო, თითქმის არავინ დაუჯერა. ქვეყნის სადამსჯელო კრიმინალურ-სამართლებრივი სისტემა ისეთი მამაკაცების ჯგუფმა ააგო, რომლებიც ამჟამად პრემიერ მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და თავდაცვის მინისტრის პოსტებზე იმყოფებიან. საქართველოს ციხეებში არსებული ზოგადი ვითარება, ხატოვან დეტალებს თუ გამოვრიცხავთ,  ცნობილი საიდუმლო გახლდათ. თბილისის მცხოვრებთა უმეტესობას ნაცნობი, მეზობელი ან ნათესავი ჰყავს, ვინც ციხეში იჯდა, ხშირად უმნიშვნელო დანაშაულისთვის, როგორიცაა მარიხუანას მოხმარება ან ქურდობა. რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენ ლაშა შანიძისგან მოვისმინე ქართულ ციხეში არსებული საშინელი ვითარების შესახებ. იგი რთული ფინანსური დავის გამო მთავრობის საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდა და ამჟამად შეერთებულ შტატებს აფარებს თავს. შანიძემ აღწერა ის რეჟიმი, რომელშიც ის და მისი თანამოსაკნეები იძულებული იყვნენ, დამძაღებული საჭმელი ეჭამათ, ღამღამობით კი ცემა ეწვნიათ.

ერთმა თბილისელმა ტაქსისტმა მიამბო, რომ მის მეზობელს 18 წლის ასაკში ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქურდობისათვის. მან სამი თვე გლდანის იმ ციხეში გაატარა, რომელიც სკანდალის ეპიცენტრად იქცა. „მან მითხრა, რომ იქ გატარებული სამი თვე ისეთი საშინელი იყო, რომ იქ გატარებული დრო მისი ცხოვრების 10 წელს უდრიდა“, მითხრა მძღოლმა. „ბადრაგები დილის 2 ან 3 საათზე შემოცვივდებოდნენ და ვინც ხელში მოხვდებოდათ, იმას ცემდნენ“.

ჯერ კიდევ სკანდალამდე მმართველი პარტია ძლიერი გამოწვევის წინაშე იდგა. ახლა კი მათი იმედები, რომ ძალაუფლების მონოპოლიას შეინარჩუნებენ, კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დგას.

1 ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნები საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია. საპარლამენტო ადგილების გარდა, ეს არჩევნები ჩრდილოვანი ლიდერების კონკურენციაცაა. 2013 წელს სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე და საბოლოო ვადა ეწურება, ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის, რომელიც პრეზიდენტის ძირითად უფლებებს პრემიერ მინისტრს გადასცემს, რომელსაც პარლამენტი აირჩევს. ახალი პარლამენტის მაკონტროლებელი ძალა აირჩევს მომავალ წელს პრემიერ მინისტრს.

ბერძენი მეცნიერი ილია რუბანისი საქართველოს პოლიტიკას „პლურალისტურ ფეოდალიზმს“ უწოდებს, რაც გულისხმობს კონკურენციას ორ ლიდერს შორის: პატრიარქალურ ლიდერს, რომელსაც ქვეყნის მართვა კონკურენტის გარეშე მოსწონს და ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც მისი ჩამოგდება სურს, რათა იგივე  მოიპოვოს. ამჟამინდელი კონკურენცია სწორედ ამ აღწერას მიესადაგება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ორი დიდი პერსონის: სააკაშვილის და მისი მთავარი მეტოქის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის  ავტორობით  საქართველოს შესახებ ორი ნარატივის შებრძოლება.

სააკაშვილი თავად ედგა სათავეში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარლამენტში არ იყრის კენჭს. მისი მთავარი მესიჯია, რომ  შუასაუკუნეების მეფე დავით აღმაშენებლის მსგავსად, თავადაც ახალ ერს აშენებს და რომ თავის გუნდთან ერთად იმსახურებს უფლებას, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე.

ამ განწყობით 16 სექტემბერს სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა შუასაუკუნეების ცნობილი ძეგლი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი (რომლის რემონტის დროსაც იუნესკოს მითითებები არ გაითვალისწინეს და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ტაძრის თავდაპირველი იერსახე დაარღვიეს). 27 სექტემბერს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გახსნა დაიგეგმა ქუთაისში, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქში. ასევე ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი  ქუთაისში ახალი, მინისა და ფოლადის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაყოფი პარლამენტის შენობა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო პოტიომკინის სოფლად იქცა, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის გაჭირვებას მალავს, როგორიცაა უმუშევარი სოფლის მაცხოვრებლები და პატიმრები. გასულ წლამდე სააკაშვილი თავად აკონტროლებდა  ინფორმაციას, რაშიც საქართველოს ორი მთავარი სატელევიზიო არხი ეხმარებოდა. მაგრამ ახლა მისი საპასუხო მესიჯი ივანიშვილის ხელშია, უმდიდრესი ქართველის, რომლის ქონება ფორბსმა 6.4 მილიარდით შეაფასა. ივანიშვილი, რომელმაც 1990-იან წლებში, პრივატიზაციის  პერიოდში მეტალის ინდუსტრიის ბიზნესში დააგროვა ქონება, ენიგმატური და კოლორიტული ფიგურაა. 2011 წელს, მოულოდნელად პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამდე, იგი ცნობილი იყო  ხელგაშლილი ფილანტროპიით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექციით და კერძო ზოოპარკით.  ახლა კი იგი პრემიერ მინისტრობას გეგმავს და აცხადებს, რომ ეკონომიკის მიხედვა სურს. მან კოალიცია „ქართული ოცნება“  შექმნა ექვსი სხვადასხვა პარტიისაგან, ეს სახელი კი საკუთარი რეპერი ვაჟის სიმღერიდან აიღო.

ორივე – მმართველი პარტიაც და ქართული ოცნებაც შეკოწიწებული კოალიციებია, რომლებსაც სათავეში უდგანან ძლიერი პატრიარქალური ლიდერები.

სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” თან ვესტერნიზებასა და თავისუფალ ბაზარს ქადაგებს და თან ტიპურ პოსტსაბჭოთა მმართველი პარტიის ბიუროკრატიულ მანქანას ამუშავებს. ქართული ოცნება კიდევ უფრო ჭრელი ალიანსია, მასში შემავალ პარტიებს ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულება და სააკაშვილისადმი ოპოზიციური განწყობა აერთიანებთ. მათ თბილისში მხარს უჭერენ დემოკრატიის პროფესიონალები, რომლებსაც სურთ მმართველ პარტიას დაათმობინონ მონოპოლიზებული  ძალაუფლება.

დედაქალაქის გარეთ კოალიცია ხშირად ეკონომიკის პოპულიზმსა და ცუდად შენიღბულ ქსენოფობიაზე აკეთებს გათვლას. ალიანსის მესამე ჯგუფი ყოფილი ბიუროკრატებისაგან შედგება, რომლებიც  აშკარაა, რომ ოცნებას იმ ძალად მიიჩნევენ, რომელსაც უნარი შესწევს, ისინი ხელახლა დააბრუნოს ძალაუფლების სადავეებთან. ეს ურთიერთსაპირისპირო მესიჯებს გვაწვდის: ქართულმა ოცნებამ ყველაზე პრო-დასავლური ოპოზიციის წევრები შემოიკრიბა და საგარეო პოლიტიკურ პლატფორმად განსაზღვრა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, თუმცა ამავე დროს მათი ახალი სატელევიზიო სადგური მე-9 არხი თავს დაესხა ადგილობრივ, დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, როგორიცაა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და მათ ბრალი დასდო საქართველოს მთავრობის ფარულ მხარდაჭერაში. მე ვნახე ურთიერთგამომრიცხავი ნარატივები მთელი ფერადოვნებით შავიზღვისპირეთის ქალაქ ბათუმში.  ამ ბოლო წლებში ბათუმი საქართველოში სააკაშვილის ხელდასმული პროექტების ქალაქია. პრეზიდენტი აქ იმდენივე დროს ატარებს, რამდენსაც თბილისში და უცხოელი სტუმრების დიდ ნაწილსაც აქ იწვევს. ივნისში მან აქ მოიწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც.

ბათუმში შთამბეჭდავი სანახაობა იშლება: ახლად აღმართული ცათამბჯენები, რამაც თანამედროვე ქალაქად აქცია მოუვლელი ზღვისპირა კურორტი. ახლა ბათუმში დგას “შერატონი”, გაჩნდა ახალი კაზინოები. ამ ზაფხულს მას ათობით ათასი ტურისტი ეწვია.

მეორეს მხრივ, ადგილობრივებს მოსალოდნელზე ნაკლები ენთუზიაზმი შევატყე. მომჩივანთა ფართო სპექტრი მოიცავდა როგორც უბრალოდ იმედგაცრუებულებს („ადგილობრივები სამუშაოს ვერ შოულობენ“), ისე სრულიად პარანოიდულებს და ქსენოფობიურად განწყობილებს („თურქები ქალაქს ყიდულობენ“, „თურქეთი სააკაშვილთან  არის შეკრული, რომ ხელახლა დაიპყროს ბათუმი“). ბათუმი ოტომანთა იმპერიის ნაწილი იყო 1878 წლამდე და იგი მუსტაფა ქემალ ათა-თურქმა თითქმის ხელახლა დაიპყრო 1921 წელს.

რამდენიმე შენობა სიმბოლური ბრძოლის ველად იქცა: საქართველოსა და თურქეთის მთავრობებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ მეჩეთი აღედგინათ, რომელიც ოტომანებმა ააგეს მე-19 საუკუნის შუა ხანებში და საბჭოთა რეჟიმმა დაანგრია 1930-ან წლებში. თუმცა ეს პროექტი შეჩერდა ანტითურქული პროტესტის შედეგად, რომელსაც მხარს უჭერდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადგილობრივი ოპოზიციის წევრები, მათ შორის “ქართული ოცნებიდანაც”.

ნაკლებ რელიგიური შენობის პროექტია ტრამპის ცათამბჯენი. მასიური სარეკლამო ბილბორდი ზღვის პირას გვაუწყებს, თუ სად უნდა აშენდეს იგი. დონალდი პირადად დაუმეგობრდა სააკაშვილს და ამა წლის აპრილში ბათუმს ესტუმრა. ოპოზიცია მიუთითებს, რომ მან უბრალოდ საკუთარი სახელი „მიასესხა“ პროექტს, ხოლო მასში ფული არ დაუბანდებია. ამდენად, ხალხის თვალში ეს ყველაფერი მთავრობის იმიჯის ცარიელი პიარია და არა საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად გადადგმული რეალური ნაბიჯი. ადგილობრივი საპარლამენტო კამპანია წარმოგვიდგენს გიორგი ბარამიძეს, სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირეს და  მურმან დუმბაძეს, პოპულისტს, ბარამიძის მეტოქეს “ქართული ოცნებიდან”. მე ორივე მათგანთან შესახვედრად გავეშურე.

ქართული თანამედროვე ელიტის უმეტესობის მსგავსად, ბარამიძე ჯერ კიდევ დაუჯერებლად ახალგაზრდად გამოიყურება (ფაქტობრივად კი იგი 44 წლისაა). საუბრობს ჩინებული ინგლისურით, სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. მან ადგილობრივი ოპოზიციის ქსენოფობიურობას დასცინა და მტკიცედ დაიცვა როგორც მეჩეთის, ისე თურქების არსებობა ბათუმში. „როგორ უნდა მოვიქციოთ თავი რუსეთის შემდეგ ჩვენი მეორე უდიდესი მეზობლისაგან იზოლაციაში?“ – იკითხა მან. მეჩეთის საკითხზე კი თქვა, რომ „დღევანდელ მთავრობას ბრალი შეიძლება ბევრ რამეში დასდონ, მაგრამ არა უცხოელებისა და სხვა აღმსარებლობების მიმართ არატოლერანტულობაში“.

ბარამიძის დემოკრატიული ტოლერანტობა ოპოზიციის მიმართ არ ვრცელდება. წლების განმავლობაში ოპოზიციის მთავარი და კანონიერი საჩივარი  არის ის, რომ არც ერთ სატელევიზიო არხს, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს, არ ეძლევა ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის  საშუალება. დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა ივლისში მიიღო დადგენილება „Must Carry“-ის შესახებ, რომელიც  საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს ყველა სატელევიზიო არხის  გავრცელებას, მათ შორის ივანიშვილთან ასოცირებული “მე-9 არხისაც”. თუმცა, მიუხედავად ქვეყნის გარედან არაერთი მოწოდებისა, მათ შორის აშშ-ის მთავრობისგანაც, ამ დადგენილების მოქმედების ვადა სწორედ არჩევნების დღეს გასდის. „რატომ არ უნდა გაგრძელდეს იგი?“ – ვკითხე ბარამიძეს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ “მე-9 არხი” შესაძლოა იმ კატალიზატორად იქცეს, რომელიც რუსეთს გზას გაუხსნის, საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედოს [არჩევნების შემდეგ]“, განმიცხადა ბარამიძემ დაბეჯითებით და კვლავ ის აზრი გამოთქვა, რომ ოპოზიციური არხისთვის საეთერო დროს დათმობა შესაძლოა რუსეთის ტანკების შემოჭრის პრელუდიად იქცეს.

დუმბაძე, “ქართული ოცნების” კანდიდატი, იმდენადვე გამხდარია, რამდენადაც ბარამიძეა ფერ-ხორციანი. მას ძველებური ქართული ნაციონალიზმის  მიმდევრის რეპუტაცია აქვს, მარტში ლიბერალური მიმდინარეობის “რესპუბლიკური პარტიიდან” გარიცხეს, მას შემდეგ, რაც ეთნიკურად რუს კოლეგას მიაყენა შეურაცხყოფა.

დუმბაძემ საკუთარი ქსენოფობიური რიტორიკა შეალამაზა, უკეთ თუ ვიტყვით, ეკონომიკურ ნაციონალიზმში შეფუთა. მან მითხრა, რომ მეჩეთის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა: „ბათუმი იდგა ჩემ უკან“, დასძინა მან. თუმცა, ახლა რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა მოინდომონ, მხარს დაუჭერს მეჩეთის აშენებას. პრობლემა, დუმბაძის თქმით, ის იყო, რომ მთავრობა ქართველების დისკრიმინაციას ახდენდა თურქების სასარგებლოდ. ისინი სამსახურებსაც იღებდნენ და ინვესტირების საშუალებასაც, რაზეც ადგილობრივებს უარს ეუბნებოდნენ. „შედეგად, ქართველები იძულებული ხდებიან, თურქეთში დროებით სამუშაოებზე იარონ“ (ეს ბათუმში სხვებმაც დამიდასტურეს). „მე ვფიქრობ, რომ აქ  ქართულ და თურქული პასპორტებს ერთნაირი ძალა არა აქვთ“, მითხრა მან. „თურქული პასპორტი უფრო ჭრის“. მეჩეთის საწინააღმდეგო პროტესტის დროს მან პირობა დადო, რომ ბულდოზერით ამოანგრევდა მის საძირკველს.

ბათუმის პრესკაფეში ჩემი მასპინძელი და გიდი ასლან ჭანიძე დამეხმარა, გამეგო, თუ რატომ. როგორც ჟურნალისტი და არასამთავრობო აქტივისტი, იგი სატელეფონო ზარებს მისი სოფლის სახლიდან პასუხობდა. თურქული კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეხმარება, გეგმავს ამ სოფლის სიახლოვეს ააშენოს ახალი ჰიდროელექტროსადგური. ჭანიძემ მიამბო, რომ ეს ხდება კლასიკურ პოსტსაბჭოთა სტილში. არც მთავრობას და არც თურქულ მხარეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ აუხსნია. თუ რას აკეთებდნენ, ხოლო სოფლის მცხოვრებთ უთხრეს საკუთარი მიწები იაფად გაეყიდათ.

საქართველო რეგიონების ქვეყანაა, თითოეული იბრძვის საკუთარი არჩევნებისთვის. მე ვიმოგზაურე შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთით მდებარე ზუგდიდში, პატარა, ფუსფუსა  ქალაქში,  რომელიც აფაზეთის სეპარატისტულ რეგიონს ესაზღვრება, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს.

ამ არჩევნებზე არაფერია მიზანმიმართული. კანდიდატებს თუ გადავხედავთ, ზუგდიდი ბათუმის სარკისებრი ანარეკლია. ქართული ოცნების კანდიდატი აქ ირაკლი ალასანიაა, ვესტერნიზებული, ინგლისურად მოსაუბრე პოლიტიკოსი, ვინც მთავრობას 2008 წლის ომის მერე გაემიჯნა. ის გაეროში საქართველოს ელჩად მსახურობდა და როგორც საქართველოს წარმომადგენელი, აფხაზეთის თემაზე სწორედ ის საუბრობდა. 2013 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ იგი მოიაზრება. მმართველი პარტიის კანდიდატი აქ როლანდ ახალაიაა, მთავარი პროკურორი და რეგიონში საბჭოთა სტილის ძალოვანი. ახალაია ასევე ორი მძვინვარე და ძალოვანი ვაჟის მამა გახლავთ: დათა თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო ბაჩო– შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა ციხის სკანდალის კვალდაკვალ. რ. ახლაიამ ჩემი ნახვა არ ისურვა, ასე რომ, იმ დღის უმეტესი ნაწილი ალასანიასა და მის მხარდამჭერებთან გავატარე.

როდესაც სოფელ ორსანტიაში გავემგზავრეთ, სადაც ოპოზიციის აქცია იმართებოდა, ჩვენ რ. ახალაია შევნიშნეთ, სამთავრობო კანდიდატი, რომელსაც 100 კაცამდე შეეკრიბა და ესაუბრებოდა, მაგრამ ჩემმა მძღოლმა ეჭვი შეიტანა, რომ ეს დემოკრატიაში ვარჯიში უფრო იყო. „შეხედეთ მინიბუსებს, ერთი, ორი, სამი“ –დათვალა მან და ხალხის უკან გაჩერებულ ტრანსპორტზე მიმითითა. „ხალხი ამით ჩამოიყვანეს“ (თუმცა ეს ვერ გადავამოწმე, მაგრამ ასეთი რამ არაერთხელ მოვისმინე ოპოზიციის მხარდამჭერებისაგან მთელ ქვეყანაში).

ორსანტია დიდი სოფელია, რომელშიც ხეხილი და პალმები ხარობს. მე ზოგიერთ იქაურს გავესაუბრე, რომლებიც ალასანიას სიტყვით გამოსვლას ელოდნენ და იმ ფაქტმა გამაოცა, რომ მათ არც კი უხსენებიათ აფაზეთთან კონფლიქტი. ამ სოფლის ახალგაზრდები კი საზაფხულოდ ბიჭვინთასა და გაგრაში აპირებდნენ სამუშაოდ გადასვლას.

“ქართული ოცნება” რეგიონში კარგადაა ორგანიზებული, ოცამდე აქტივისტი ლურჯ მაისურშია, მათ ხალხი სახლებიდან გამოიხმეს და მიკროფონი აღმართეს სოფლის მწვანე მინდორში.  ალასანია მანქანით მოვიდა და ფიჭვის ხეებქვეშ დიდი რაოდენობით შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. ის სწრაფად საუბრობდა, ხალხი მდუმარედ, მოღუშული უსმენდა.

მე ორ კარგად ჩაცმულ ხნოვან მამაკაცს გავესაუბრე, ყოფილ პოლიციელს და ყოფილ ქარხნის დირექტორს. არც ერთ მათგანს აღარ გააჩნდა სამუშაო, თუმცა ქართული ოცნების იმედი ჰქონდათ. „ნებისმიერი პროგრესი დასავლეთის წყალობით გვაქვს. იმიტომ, რომ თქვენ აქ ხართ“, მითხრა ერთ-ერთმა.

უკან დაბრუნებულმა ალასანიას კაფე „პიცა დიადემაში“  ვესაუბრე, სადაც კიდევ ორი ირაკლი გვესწრებოდა (რამაც ჩემი დიდი ხნის შეხედულება განამტკიცა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში მეტი საკუთარი სახელი ყოფილიყო), ერთი მათგანი მისი პრესსპიკერია, მეორე კი –ახალგაზრდა ბიზნესმენი და აბაშელი  კანდიდატი.

ალასანიამ თქვა, რომ ზაფხულის დასაწყისში არაერთი მუქარა მოისმინა და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ გასული სამი კვირის   განმავლობაში თავისუფალი კამპანიის საშუალება მიეცა; ამ ცვლილებას იგი ეუთოდან არჩევნებზე გრძელვადიანი  დამკვირვებლების ჩამოსვლას უკავშირებს. მან თქვა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მაგრამ წუხილი გამოთქვა სოფლის მოსახლეობის კონსერვატიზმის გამო: მათ შეიძლება შეეშინდეთ და ხმის მისაცემად  არ გამოვიდნენ.

რა არის არჩევნების მთავარი პრობლემა? სამუშაო ადგილები. როდესაც მე ვახსენე, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მთავარი პრობლემა 8 მთელი და პლუს რამდენიმე პროცენტიანი უმუშევრობის ინდექსი იყო, ბიზნესმენმა ირაკლიმ გაიცინა და მითხრა, რომ  აბაშაში ეს მაჩვენებელი 98 პროცენტს უტოლდება (ოფიციალურად ეს მაჩვენებელი 16 პროცენტია).

საქართველოში ამ არჩევნებზე მისული ამომრჩეველი თითქმის მითიურ ბრძოლაში ებმება, რომელიც ორ ტიტანს შორის გაჩაღდება: მთავრობის, რომელიც გაყოყოჩდა და ხალხთან შეხება დაკარგა და ოპოზიციის, რომელსაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ლიდერობს, რომელსაც უდიდესი ენერგია აქვს, მაგრამ აკლია კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა. ამ პროგრამას ვერ ჩაანაცვლებს შეძახილი „საქართველო მიშას გარეშე“.

საქართველოში მოგზაურობისას ვიგრძენი აშკარა კეთილგანწყობა ოპოზიციის მიმართ და ის იდეაც, რომ ცვლილება საჭიროა. გამოკითხვის შედეგები, რომელმაც გვიჩვენა, რომ მმართველი პარტია ლიდერობს, შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს, რადგან მასში ასევეა დაფიქსირებული „არ ვიცი“ და „თავს ვიკავებ პასუხისაგან“.  ეს კატეგორია, სავარაუდოდ, ხმას ქართულ ოცნებას მისცემს. კიდევ მეტია ისეთი, ვინც მთავრობის იმედი დაკარგა, თუმცა არც ივანიშვილის სჯერათ ბოლომდე. ისიც შევნიშნე, რომ მმართველი პარტია ბევრად უკეთ არის მობილიზებული. არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას საჯარო მოხელეების იმედიც უნდა ჰქონდეთ, ისევე როგორც   ეთნიკური უმცირესობების, სომხებისა და აზერბაიჯანელების, რომლებსაც ახასიათებთ ხმის მთავრობისთვის მიცემა. ამით მათ სახელმწიფოსადმი თავიანთ ერთგულების დამტკიცება უნდათ. გარდა ამისა, ხმას მთავრობას იმიტომაც აძლევენ, რომ მთავრობას უკეთესი მაჩვენებლები აქვს ეთნიკური უმცირესობების დაცვაში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ საარჩევნო სისტემა მთავრობაზეა მორგებული. ბრძოლა მიმდინარეობს საპარლამენტო ადგილების თითქმის ნახევრისთვის, რაც 150-დან 73 ადგილს შეადგენს. რეგიონებში ნაციონალურ მოძრაობას ცნობილი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი, რათა მათ ხმების მიღება შეძლონ, ოპოზიციას კი ნაკლებ ცნობილი აუტსაიდერები ჰყავს კანდიდატებად. თეორიულად შესაძლოა,  რომ მმართველმა პარტიამ ჯორჯ ბუშის 2000 წლის საარჩევნო ვარიანტი   გაიმეოროს: გაიმარჯვოს ხმების უმრავლესობით, მაგრამ წააგოს იქ, სადაც ხალხის ხმები უნდა მიეღო.

ივანიშვილის ქართული ოცნების კოალიცია საარჩევნო კამპანიას ცალხელშეკრული  უძღვებოდა, რადგან ფონდების არასათანადო გამოყენების ბრალდებების გამო მრავალმილიონიანი სადამსჯელო ჯარიმები დაეკისრათ.  ასევე, მათ უფრო შეზღუდული საეთერო დრო ეთმობათ,  ვიდრე მთავრობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლებმა მკაცრად მიუთითეს ამაზე მთავრობას, მათ აღნიშნეს, რომ დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია  და აშკარად შერჩევით პოლიტიკურ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

თუ ოპოზიცია არჩევნებზე იმაზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, ვიდრე მოელის, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ისინი გააპროტესტებენ შედეგებს, ხოლო მთავრობა დაიცავს გამარჯვების შედეგებს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ოპოზიციას სურს 2003 წლის ვარდების რევოლუციასთან პარალელის გავლება,  რაც არჩევნების სადავო შედეგებს მოჰყვა თან. მთავრობა კი 1990 წლის სამოქალაქო ომს იხსენებს და შიშს გამოთქვამს. ადამიანების უმრავლესობა, ვისაც მე შევხვდი, კონფრონტაციას ელის.

ზუგდიდში ჩემმა ძველმა მეგობარმა, კიდევ ერთმა ირაკლიმ, ჟურნალისტმა ირაკლი ლაგვილავამ მითხრა, რომ საქართველომ გრძელი 20 წელიწადი განვლო, რაც იმედს აძლევს, რომ არჩევნები დადებით შედეგს მოიტანს. „ვარდების  რევოლუციამ გვასწავლა, რომ ჩვენი ლიდერი არჩევნების გზით უნდა ავირჩიოთ, ასე რომ, პროგრესი გვაქვს“.

პროგრესი იქნება, თუკი ეს პოლარიზებული ძალები, რომლებიც საარჩევნოდ იბრძვიან, იმ აზრთან შეგუებას შეძლებენ, რომ ხმათა უმრავლესობით გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ ადგილების გაყოფა პოლიტიკურ სივრცეში და არა სრული დომინაცია.

სტატია გამოქვეყნდა Foreign Policy-ში. ორიგინალი იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი