ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ხანგრძლივი კრიზისი უარესდება – თომას დე ვაალი

25 თებერვალი, 2021 • 821
სომხეთის ხანგრძლივი კრიზისი უარესდება – თომას დე ვაალი

თომას დე ვაალი, „კარნეგი ფონდის“ წამყვანი მკვლევარი, რომელიც ათწლეულებია, კავკასიის რეგიონს იკვლევს, აცხადებს, რომ სომხეთში ხანგრძლივი კრიზისი უარესდება.

თომას დე ვაალი 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა:

„სომხეთის ხანგრძლივი კრიზისი უარესდება. ეს [მოვლენების განვითარების] სახიფათო გზაა, იმის გათვალისწინებით, რომ არმია ყოველთვის თავს იკავებდა პოლიტიკაში ჩარევისაგან“.

დე ვაალის თქმით, „ფაშინიანი ახლა ცდილობს, მთელ ელიტას შეეწინააღმდეგოს, მათ შორის ეკლესიასა და პრეზიდენტს, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“

„ჩვეულებრისამებრ, ის ქუჩის [აქციების] ძალას მიმართავს მხარდაჭერის მისაღებად“, – წერს მკვლევარი.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა:

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“.

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის მეთაურების დათხოვნა.

სომხეთში ოპოზიცია ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშნვნას.

17 თებერვალს ფაშინიანის მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საზოგადოების დაკვეთა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი