ახალი ამბები

ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა

11 ივლისი, 2011 • 1538
ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა

დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად შსს–სთან გამართული აქცია
დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად შსს–სთან გამართული აქცია

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ.

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საბჭოს ორგანიზებით, გამართული საპროტესო აქციის შემდეგ გაიმართა.

ქარტიის საბჭოს წევრებმა ევროკავშირის ელჩს გააცნეს მიმართვის ტექსტი, რომლითაც დღეს ოფიციალურად მიმართა საბჭომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილს.

აღნიშნული განცხადებით, ქარტიის საბჭომ მოითხოვა ვანო მერაბიშვილთან დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვედრა; ფოტოგრაფების საქმისთვის გრიფი «საიდუმლოს» მოხსნა და ასევე, დაკავებულების ადვოკატებისთვის დუმილის ვალდებულების გაუქმება, რათა მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს; საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი კომისიისთვის საქმის მასალების გაცნობის საშუალების მიცემა.

ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის დროს ქარტიის საბჭოს წევრებმა იმ გარემოებებსა და შეკითხვებზეც ისაუბრეს, რაც მედიაში და საზოგადოებაში არსებობს ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ამ დრომდე.

თავის მხრივ, დიმიტროვმა ქარტიის საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ხვალისთვის დაგეგმილია საქართველოში აკრედიტებული ევროკაშვირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა, სადაც აღნიშნული საკითხები განიხილება.

დღესვე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით. გიორგი ტუღუშის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ფოტოგრაფებს დაკავების დღიდან დღემდე ყოველდღე ნახულობენ. მისივე თქმით, იმის გამო, რომ საქმეს ადევს გრიფი «საიდუმლო», მას ხელი არ მიუწვდება საქმის მასალებზე, რაც მას კონკრეტული ქმედების განხოციელების საშუალებას მისცემს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ორგანიზებით დღეს, 13:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. საბჭომ წერილობით მიმართა ვანო მერაბიშვილს და მასთან საჯაროდ შეხვედრა მოითხოვა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საბჭოს თავმჯდომარეს მოგვიანებით ტელეფონით აცნობეს სამინისტროდან, რომ აღნიშნული წერილი მიეწოდა ადმინისტრაციის უფროსს. ასევე, სამინისტროდან მიღებული შეტყობინების თანახმად, შეხვდება თუ არა მინისტრი საბჭოს, ამის თაობაზე საბჭოს მას შემდეგ ეცნობება, რაც შს მინისტრი სამუშაო კაბინეტს დაუბრუნდება. სამინისტროში საბჭოს განუმარტეს, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი სამინისტროში არ იმყოფება.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ქარტიის საბჭო საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს. უკვე დაგეგმილია მორიგი აქციის გამართვა ხვალ, 12 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი